ავტორი:

რა შედეგით დასრულდა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი - მხარეების პირველი კომენტარები შეხვედრის შემდეგ

რა შედეგით დასრულდა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი - მხარეების პირველი კომენტარები შეხვედრის შემდეგ

უკრაინა - რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა.

უკრაინული მხარის განცხადებით, გარკვეული ცვლილებები არის, თუმცა შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ არის.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილ პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, რომ "რაღაც შეთანხმებამდე მისვლას" ეცდებიან.

"ლოჯისტიკისა და ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები გვაქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ამჯერად შევთანხმდით, რომ რაღაც შეთანხმებამდე მისვლას ვეცდებით. ის შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ გვაქვს“, - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა რუსულმა მხარემაც.

"ჰუმანიტარული დერეფნების პრობლემის განხილვას დიდი დრო მოვანდომეთ - ამაზე წინა შეხვედრაზეც შევთანხმდით, რამაც არ გაამართლა, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეთანხმება და მათი ხელმძღვანელობის მითითებები არ შეასრულეს", - ამის შესახებ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ჩართულმა რუსმა დიპლომატმა მორიგი, მე-3 შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რუსმა დიპლომატებმა იმედი გამოთქვეს, რომ ხვალიდან ჰუმანიტარული დერეფნები ამოუშავდება.

"უკრაინულმა მხარემ იმის პირობა მოგვცა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები ამუშავდება. გარდა ამისა, გაგრძელდა დისკუსია სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებზე, რაც რთულად მიმდინარეობს და ნაადრევია რაღაც პოზიტიურზე საუბარი. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ აქ წერილობითი დოკუმენტების დიდი კრებულით მოვედით. ჩვენ კონკრეტული პროექტები, დოკუმენტები და შეთავაზებები შევადგინეთ.

იმედი გვქონდა, რომ იმ პუნქტებზე, რაზეც თითქოს პრინციპულად უკვე ორივე მხარეს ვთანხმდებოდით, შეგვეძლო თუნდაც პროტოკოლის ფარგლებში მოგვეწერა ხელი, თუმცა უკრაინულმა მხარემ ყველა ეს დოკუმენტი გამოსაკვლევად სახლში წაიღო. ადგილზე მათ დოკუმენტებს ხელი არ მოაწერეს და თქვეს, რომ, სავარაუდოდ, ამ საკითხს შემდეგ შეხვედრაზე დავუბრუნდებით. სიმართლე გითხრათ, მოლაპარაკებებმა ჩვენი მოლოდინები არ გაამართლა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ შეხვედრაზე უფრო საგრძნობ ნაბიჯს გადავდგამთ წინ - მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.