"დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის მე-12 საღამოა, ყველანი იქ ვართ, ყველანი ვმუშაობთ, ყველა იქ არის სადაც უნდა იყოს - მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს.
"აი საღამოს კიევი, ჩვენი ოფისი. დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის მე-12 საღამოა. ჩვენ ყველანი ადგილზე ვართ, ყველა ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს. მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა,“- აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, კიევში დარჩენას აპირებს იმდენ ხანს, რამდენი ხანიც დასჭირდება ომში გამარჯვებას.
არ ვიმალები, არავისი არ მეშინია. დავრჩები იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება ამ სამამულო ომში გასამარჯვებლად,“- აცხადებს ზელენსკი.
მისივე თქმით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი, ჯერჯერობით, მიღწეულ შეთანხმებებს არ ასრულებს.
"იყო შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ. იმუშავა? სამაგიეროდ რუსული ტანკები მუშაობდნენ. რუსული “გრადები”, რუსული ნაღმები. მათ ის გზაც კი დანაღმეს, რომლითაც ადამიანებისთვის საკვები და მედიკამენტები უნდა მიეწოდებინათ,“- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები იმ ავტობუსებსაც კი ანადგურებენ, რომლებიც ხალხის გამოსაყვანად არის განკუთვნილი.
“დღეს ბელარუსში მოლაპარაკების მესამე რაუნდი შედგა. სურვილი მაქვს, ვთქვა, რომ ეს ბოლოა, თუმცა ჩვენ რეალისტები ვართ და ამიტომ მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, სანამ არ გამოვნახავთ საშუალებას, ჩვენს ხალხს ვუთხრათ: ასე მივალთ მშვიდობამდე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.