გასულ ღამეს უკრაინაში აფეთქებები არ შემწყდარა. რუსმა ოკუპანტებმა იერიში არაერთ დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს. რუსული მხარის მიერ ჩამოყრილ ბომბებს მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.
გადავხედოთ გასული ღამის ომის ქრონიკას - რა ხდებოდა უკრაინის სხვადასხვა ადგილას:
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან, - ამის შესახებ სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი ჟივიცკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
მისი ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ სუმსა და ახტირკაში, ასევე სოფელ ბიტიცაში საცხოვრებელი სახლები დაბომბა.
"დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება. საგანგებო სიტუაციების სამსახური ნანგრევებს ასუფთავებს და ხანძარს აქრობს. ექიმები მუშაობენ. ასე გამოიყურება რეალურად "რუსული მშვიდობა“ ჩვენ ამას არასოდეს ვაპატიებთ", - აცხადებს დიმიტრი ჟივიცკი.
ამასთანავე, მისი ინფორმაციით, მსხვერპლი უკრაინელ სამხედროებს შორისაც არის.
"ჩვენი ბიჭები შეებრძოლნენ მტრის ტექნიკის მთელ კოლონას. არიან დაჭრილები და სამწუხაროდ, რუს სამხედროებთან უთანასწორო ბრძოლაში ოთხი ახალგაზრდა დაიღუპა“, - განაცხადა ჟივიცკიმ.
უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, გვიან ღამით, ქალაქ სუმზე და მის მიმდებარე გარეუბანზე საჰაერო თავდასხმების შედეგად, დაღუპულთა შორის ბავშვები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დმიტრო ჟივიცკიმ, რომელიც სუმის რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით, 23:00 საათის შემდეგ, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დარტყმები ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქზე განახორციელეს.
"სამწუხაროდ, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები, დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, ბავშვებს კლავენ“, - განაცხადა ჟივიცკიმ.
უკრაინული მხარის მიერ კიევის ცაზე ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოგდების ცნობას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ვალერი ზალუჟნი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ზალუჟნის თქმით, ორივე თვითმფრინავი საჰაერო ბრძოლის დროს იქნა ლიკვიდირებული. არსებული ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავების ჩამოგდება 1-საათიან ინტერვალში მოხდა, რის გამოც ზალუჟნიმ უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალები შეაქო.
მისივე ინფორმაციით, ერთი თვითმფრინავი 20:30-ზე, ხოლო მეორე 21:30-ზე იქნა ლიკვიდირებული.
როგორც UNIAN-ი იტყობინება, ომის 11 დღის განმავლობაში ოკუპანტების ჯარმა 46 თვითმფრინავი და 68 შვეულმფრენი დაკარგა.
უკრაინაში, ჟიტომირის ოლქში, ჟიტომირსა და ჩერნიახოვში რუსეთის ფედერაციის ორი საჰაერო დარტყმის შედეგად ნავთობის საცავებში ხანძარი გაჩნდა.
მედიის ცნობით, ჟიტომირში გაჩნდა ხანძარი 10 კუბური მეტრი მოცულობის ავზში. წინასწარი ინფორმაცით, მსხვერპლი არ არის.
სოფელ ჩერნიახოვში კი იწვოდა ორი ავზი. ახლომდებარე კერძო სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.