ავტორი:

"მოვუსმინოთ და გავიაროთ..." - რას პასუხობენ ლუგარის ლაბორატორიიდან რუსეთის მორიგ ბრალდებას, რომ ღორის ჭირის ერთ-ერთი შტამი საქართველოში გამოიყვანეს

"მოვუსმინოთ და გავიაროთ..." - რას პასუხობენ ლუგარის ლაბორატორიიდან რუსეთის მორიგ ბრალდებას, რომ ღორის ჭირის ერთ-ერთი შტამი საქართველოში გამოიყვანეს

"გვჯერა, რომ 2007 წელს, ღორის აფრიკული ჭირის შტამი, გაზრდილი გადამდებობით, გამოიყვანეს პენტაგონს დაქვემდებარებულ საქართველოს ბიოლოგიურ ლაბორატორიაში", - ეს განცხადება, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კირილოვმა, გასულ ორშაბათს გააკეთა.

როგორც ვიცით, რუსი ოფიციალური პირები და მათი პროპაგანდისტული მედია პერიოდულად თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში მომაკვდინებელ ვირუსებსა და სხვადასხვა ექსპერიმენტების მიმდინარეობის შესახებ ხშირად ლაპარაკობენ. ბოლო ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც იწყება სიტყვით, "გვჯერა" და უფრო კონრეტული ვერაფერი მოსდევს, კომენტარი ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პაატა იმნაძეს ვთხოვეთ:

პაატა იმნაძე:

- ამ განცხადებაში ახალი არაფერია. კვლავ ამოიღეს ძველი ტექსტები. ამხელა ტყუილს ამბობენ - 2007 წელს ლუგარის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობდა, საძირკველი შენდებოდა ჯერ მხოლოდ. მეტი რა კომენტარი გავაკეთო.

- მიზანი რა არის, ამ დეზინფორმაციით რას მოელიან?

- მოსახლეობის ნაწილზე ზემოქმედებას.

- მახსოვს, სხვადასხვა მიზეზით სულ იყო ინტერესი, რომ ლუგარის ლაბრატორიაში შემოეღწიათ...

- ვინ უშლის კაცო, 2018 წელს, გაეროს ეგიდით რომ ჩატარდა, ასე ვთქვათ, "შემოწმება" ეგენიც მოწვეულები იყვნენ და უარი თქვეს.

ეს ხომ ახალი არაა, დაახლოებით თვეში ერთხელ რაღაცას გამოაგდებენ ხოლმე. მორიგი დეზინფორმაციაა. მოვუსმინოთ და გავიაროთ...

  • P.S.

2018 წლის ბოლოს ლუგარის ლაბორატორიას ექსპერტები 17 ქვეყნიდან ეწვივნენ. მათ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ლაბორატორია მუშაობს მხოლოდ "მშვიდობიანი მიზნებისთვის".