ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი მრავალი წელია გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსთან თანამშრომლობს (UNHCR) და ხშირად ეხმარება იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს. უკრაინა-რუსეთის ომის პარალელურად, მსახიობი იემენის კონფლიქტსაც არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მან იემენის ქალაქ ადენში ჩაფრენა და იქაურებისთვის დახმარების აღმოჩენა გადაწყვიტა.
ანჯელინა უკრაინისა და იემენის ლტოლვილთა კრიზისს შორის პარალელს ავლებს. ჯოლიმ სოციალურ ქსელში დაწერა იემენში გამგზავრების შესახებ და ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო:
"ადენში ჩამოვფრინდი, რათა იძულებით გადასახლებულ ოჯახებს და ლტოლვილებს შევხვდე და ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო იემენის ხალხის მიმართ.
უკრაინაში განვითარებული საშინელი მოვლენების გამო, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს კონფლიქტი და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინონ უკრაინელებს. მე იემენში ვარ ახლა, რადგან აქაურებსაც ძალიან სჭირდებათ მშვიდობა", - წერს ანჯელინა.
მსახიობი აღნიშნავს, რომ იემენში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კრიზისია და რომ 2022 წელს, ყოველ 1 საათში, 1 მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება ან მძიმედ შავდება: "იემენის ეკონომიკა ომის გამო განადგურდა და ადამიანები ჰუმანიტარულ დახმარებაზე არიან დამოკიდებულნი",
აღსანიშნავია, რომ ანჯელინა სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმე დღის წინაც შეეხო რუსეთის უკრაინაში შეჭრის საკითხს.
"ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის. გაეროს ლტოლვილთა სააგანტოს კოლეგებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, რომ დავიცვათ იმ იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა უფლებები, ვინც რეგიონიდან არიან. ჩვენ უკვე მრავალი შემთხვევა ვნახეთ, როცა დაზარალებულებს სახლიდან გაქცევა და უსაფრთხო ადგილის საძებნელად წასვლა მოუწიათ. ჯერ ადრეა იმის ცოდნა, რა მოხდება მომავალში, მაგრამ უკრაინის კონფლიქტი მთელი მსოფლიოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს - არა მხოლოდ უკრაინელებისთვის", - ამბობს ჰოლივუდის ვარსკვლავი.
წყარო: cnn
მოამზადა ანა სიბოშვილმა