თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულები საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. ეს არის: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები და ა.შ., - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ცხელი ხაზი ამოქმედდა.
"მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო მათ მშვიდობა. როგორც იცით საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ტარდება გარკვეული ღონისძიებები. თქვენ იცით, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უზრუნველყოს ეს ადამიანები საცხოვრისით, საკვები პროდუქტებიც და, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტიც ჩართულია ამ ყველაფერში, რაც მისასალმებელია.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეული მათთვის უფასო იქნება. ეს არის: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები და ა.შ. ყველა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია ამ ადამიანებისთვის იქნება უფასო, მთავარია წარმოადგინონ და აჩვენონ უკრაინული პასპორტი.
ჩვენ გავხსენით სპეციალურად ცხელი ხაზი. ამ მოქალაქეებს, თუ რაიმე საჭიროება ექნებათ და დამატებით დახმარება იქნება საჭირო, შეუძლიათ მოგვმართონ ცხელ ხაზზე: 0322 272 22 22. შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და ყველაფერს გავაკეთებთ," - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, სახაზინო ანგარიშზე, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად გასულ კვირას შეიქმნა, უკვე მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა