ავტორი:

"უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები ხშირად იცლიან "ლაივვიდეოების" ჩასაწერად და განცხადებების გასაკეთებლად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ" - მამუკა მდინარაძე

"უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები ხშირად იცლიან "ლაივვიდეოების" ჩასაწერად და განცხადებების გასაკეთებლად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ" - მამუკა მდინარაძე

"სამწუხაროდ, ოკუპანტთან ომში მყოფი უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად იცლიან ე. წ. ლაივვიდეოების ჩასაწერად და განცხადებების გასაკეთებლად საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ" - ამის შესახებ "ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბის საინფორმაციო ომის წარმოება ქვეყნის შიგნით და გარეთ, არის ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო მაგალითი.

"მოცემულ სიტუაციაში დეტალებზე აღარ შევჩერდებით და ნამდვილად არ შევალთ დისკუსიაში. პირიქით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის როგორც პოლიტიკურ მხარდაჭერას აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ასევე ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.

ერთი მხრივ რუსეთი აწარმოებს ღია აგრესიას და ომს უკრაინის ტერიტორიაზე, არღვევს აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ნორმას, იხოცებიან ადამიანები და საქართველოც, რომლის ტერიტორიების 20%-მდე ოკუპირებულია იმავე სახელმწიფოს მიერ, დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. მეორე მხრივ ჩვენმა ქვეყანამ სულ რამდენიმე დღის წინ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ამ ფონზე მსგავსი მასშტაბის საინფორმაციო ომის წარმოება ქვეყნის შიგნით და გარეთ, დიდი რაოდენობის თანხების ხარჯვა და კამპანიის ლობირება საკუთარი ქვეყნის და ხელისუფლების წინააღმდეგ, არის ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლის უპრეცედენტო მაგალითი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში არ დაუშვას ომი, რომელმაც შესაძლოა კატასტროფამდე მიიყვანოს ქვეყანა და ხალხი.

მდინარაძე მოუწოდებს საზოგადოებას, რაც არ უნდა რთული იყოს, “სიმშვიდით შეხვდნენ რადიკალური ოპოზიციის, იგივე მეხუთე კოლონის მიერ წარმოებულ მტრულ და მავნებლურ კამპანიას”.

"საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნუ წამოეგებიან მათ ყოველდღიურ, ძირითადად ფეიკებზე აგებულ პროვოკაციებს და საინფორმაციო, ჰიბრიდულ ომს. ახლა მთავარია ვიაროთ სწორი მიმართულებით და მართლები ვიყოთ არა რომელიმე რევანშისტული პარტიის მიერ შექმნილ საომარ ნარატივთან, არამედ ჩვენი შვილების მომავლის, ჩვენი სამშობლოს, მისი უსაფრხოების და ეროვნული ინტერესების წინაშე, რისთვისაც აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.