ანტარქტიდის მკვლევრის, სერ ერნსტ შეკლტონის დაკარგული ხომალდი - The Endurance (გამძლეობა), რომელიც 107 წლის წინ უედელის ზღვის ფსკერზე ჩაიძირა, მეცნიერებმა თითქმის ხელუხლებელ მდგომარეობაში იპოვეს.
გემი 1915 წელს, ზღვაში, ყინულთან შეჯახებისას დაზიანდა და ჩაიძირა, გემზე მყოფი ხალხი კი იძულებული გახდა პატარა ნავებით და ცურვით გადაერჩინა თავი. იმის მიუხედავად, რომ გემი ზღვაში 3 კილომეტრის სიღრმეზე საუკუნეზე მეტი იყო, ის ისევე გამოიყურება, როგორც ჩაძირვის დღეს.
ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ვეტერანმა გეოგრაფმა, ჯონ შირსმა ის მომენტი აღწერა, როცა შუქი გემის სახელისკენ მიმართეს და "გამძლეობა" ამოიკითხეს: "გაოცებისგან ყბა ჩამოგვივარდა", - ამბობს ის.
"ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ეს გემი ყველაზე კარგ მდგომარეობაშია შემონახული, რაც კი ოდესმე მინახავს", - ამბობს საზღვაო არქეოლოგი მენსუნ ბაუნდი. "ის თავდაყირაა წყალქვეშ და დაზიანებების გარეშეა შემონახული," - უთხრა მან BBC-ის.
ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მეცნიერები წინასწარ განსაზღვრულ საძიებო ადგილს ამუშავებდნენ, იკვლევდნენ სხვადასხვა საინტერესო სამიზნეებს, სანამ საბოლოოდ ჩაძირული გემის ადგილმდებარეობას აღმოაჩენდნენ.
"ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მსოფლიოში ყველაზე რთულად საპოვნელი ჩაძირული გემის ძებნის მისია, ვებრძოდით მუდმივად ცვალებად ზღვის ყინულს, ქარბუქებს და -18C-მდე ტემპერატურას. მივაღწიეთ იმას, რასაც ბევრი ადამიანი შეუძლებლად მიიჩნევდა," - ამბობს ჯონ შიარსი, ექსპედიციის ხელმძღვანელი.
"გამძლეობა" ისტორიულ ძეგლად არის მიჩნეული და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი გადაადგილება. აქედან გამომდინარე, არც ერთი ფიზიკური არტეფაქტი არ არის ამოტანილი ზედაპირზე.
არქეოლოგ მენსუნ ბაუნდის თქმით, საინტერესოა, რომ გემბანზე წყლის სხვადასხვა არსებები ბინადრობენ, მაგრამ არა ისეთი ტიპის, რომ ხის განადგურება შესძლებოდათ, ალბათ სწორედ ამიტომ მოახერხა "გამძლეობამ" თავისი სახელის გამართლება და გარემო პირობების მიუხედავად, თავდაპირველი სახის შენარჩუნება.
ორი მიზეზია: პირველი არის შეკლტონის იმპერიული ტრანს-ანტარქტიკული ექსპედიციის ისტორია, რომელიც მიზნად ისახავდა ანტარქტიდის გადაკვეთას. მეორე მიზეზი თავად გემის პოვნის გამოწვევა იყო.
უედელის ზღვა თითქმის მუდმივად, ყინულის სქელი ფენითაა დაფარული. ჩაძირვის სავარაუდო ადგილთან მიახლოება და გემის ძიების პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
გასულ თვეში, ანტარქტიდის ზღვის ყინულის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა, რაც კი 1970 წლის შემდეგ ყოფილა. მეცნიერებისთვის ეს ხელსაყრელი პირობები აღმოჩნდა და რადგანაც ყველაფერი მათ საკეთილდღეოდ აეწყო, შანსი ხელიდან არ გაუშვეს..
წყარო: BBC
მოამზადა ანა სიბოშვილმა