ავტორი:

"ცუდი ამბები გვაქვს... მთლიანად რუსეთზე ვართ მიბმული, რის გამოც ეკონომიკური ზარალი გველოდება" - ვითარება სომხეთში და ადგილობრივების კრიტიკა "ფაშინიანის დუმილზე"

"ცუდი ამბები გვაქვს... მთლიანად რუსეთზე ვართ მიბმული, რის გამოც ეკონომიკური ზარალი გველოდება" - ვითარება სომხეთში და ადგილობრივების კრიტიკა "ფაშინიანის დუმილზე"

რუსეთისთვის დაწესებული უპრეცედენტო სანქციების შემდეგ, სომხეთში მიიჩნევენ, რომ სულ მალე ეკონომიკური კრიზისი მათ ქვეყანაშიც დაიწყება. ადგილობრივები უკვე საუბრობენ გარკვეული სახის სურსათის შემცირებაზე. მათივე თქმით, თვის ბოლოს რუსეთიდან გზავნილების შემოტანა კატასტროფულად შემცირდება, რადგან უამრავი ადამიანი, რომელიც სამუშაოდ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებშია წასული, მასშტაბური სანქციების გამო, უმუშევარი დარჩა.

"გაუფასურდა სომხური დრამიც... შეშინებული მოსახლეობა დოლარის გადასაცვლელ ჯიხურებს მიაწყდა, რათა დანაზოგი უცხოურ ვალუტაში შეინახოს... "

"ე.წ.კომპენსაცია, რომელსაც მათ ადგილობრივი ხელისუფლება ჰპირდება, თავად არ ეყოფათ თავი სარჩენად. აქ კი, მათ ოჯახები აქვთ, საბანკო ვალდებულებები და უამრავი ადამიანი ამიტომაც გადაიხვეწა სამუშაოდ..." - წერენ ისინი სოციალურ ქსელებში.

მოსახლეობის ნაწილის თქმით, სომხეთის მხრიდან, რომლის ეკონომიკაც (და არა მხოლოდ) სამწუხაროდ, მთლიანად რუსეთზეა მიბმული, ნეიტრალიტეტის გამოცხადება ძალიან სწორი პოზიციაა. თუმცა, ნებისმიერი შემთხვევაში, სომხეთი, ეკონომიკურად ძალიან დაზარალდება და ეს უახლოეს დღეებში უკვე შესამჩნევი იქნება, რადგან რუსეთმა გარკვეული პროდუქტის ექსპორტის შეჩერება გადაწყვიტა...

"ამდენი წელია ვითხოვთ, რომ რაღაც შევქმნათ, სოფლის მეურნეობა განვავითაროთ, ძირითადი პროდუქტები მაინც ჩვენი იყოს, ან საკვები, ან სამშენებლო მასალები, მაგრამ არა! არავის ესმის. იაფი და მარტივი გამოსავალია, რუსეთიდან შემოვზიდოთ. ამიტომაც, ამდენი წელია, ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის კუთხით, რუსეთია. ჩვენი ბიზნესმენებისთვისაც რუსეთი შეუცვლელი ბაზარია. ალტერნატივაზე არასდროს გვიფიქრია, ძველ გზას მივყვებით, რომელიც ახლა გამოჩნდა საით წაგვიყვანს - დეფიციტი და კრიზისი გარდაუვალია. უკვე დაიწყო ხალხმა მარაგის კეთება, რაც თავისთავად შექმნის დეფიციტს" - წერს სოციალური ქსელში ფლორა მხოიანი.

მათივე თქმით, რუსული რუბლის მკვეთრმა გაუფასურებამ, ისევ და ისევ მოსახლეობის საშუალო და დაბალ ფენას დაარტყა. სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი გზავნილებზე იყო დამოკიდებული. კიდევ ერთი სტაბილური შემოსავალი, ტურიზმი იყო, თუმცა თუ ომი გაიწელება, რუსებს არც სხვა ქვეყნებში მოგზაურობის თავი ექნებათ, რადგან მოსკოვი-ერევნის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთის ფასი უკვე 800 ევრო გახდა.

"მოკლედ ცუდი ამბები გვაქვს. იქ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები გვყავს. არავინ იცის რა იქნება. რა სამწუხაროა, რომ ჩვენმა ვითომ პროევროპული კურსით მოსულმა ფაშინიანმა თავისი სახე დაგვანახა და თან ყველაზე მნიშვნელოვან დროს..." - ამბობს ადგილობრივი არა დანიელიანი.

არასახარბიელო ეკონომიკური პროცესების კვალდაკვალ, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ითხოვს, ხელისუფლებამ უკრაინას მხარი ღიად დაუჭიროს და რუსეთთან ურთიერთობას ერთხელ და სამუდამოდ თავისი სახელი დაარქვას. დღეს ამ მოთხოვნით ერევნის ცენტრში უკრაინის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა.

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი, გორ არმათუნი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ წარმოუდგენელია სომხეთმა გადარჩენა შეძლოს იმ პირობებში, რასაც რუსეთი მას სთავაზობს.

"ჩვენი ხალხი კარგად ხედავს რაც რუსეთში ხდება. გასაგებია, რომ ჩვენს ხელისუფლებას, სხვა არჩევანი არ აქვს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების შემოტანა რომ შევწყვიტოთ, სომეხი მეწარმეებისთვის რუსეთის ბაზარი რომ დაიკეტოს, უარეს დღეში ჩავვარდებით, მაგრამ თუ ახლა გავჩუმდებით და თავს სილაში ჩავყოფთ, არც არასდროს შეიცვლება არაფერი, რადგან ჩვენს ხმას მსოფლიო ვერასდროს გაიგებს, ამიტომ გამოვედით ქუჩაში.

თუ ხელისუფლება ჩუმად არის, ხალხის ხმა მაინც უნდა ისმოდეს. შიზოფრენიკი პუტინი ახშობს ინტერნეტს, ბლოკავს სოციალურ ქსელებს, ჩრდილოეთ კორეამდე ერთი ნაბიჯი აკლია და ამას, ამგვარ რეჟიმს მხარს ვერ დავუჭერთ. რუსეთი არის მონსტრი, რომელიც ცდილობს პირდაპირ და ირიბად მოგუდოს პოსტსაბჭოთა ქვეყნები. 2008 წელს რაც საქართველოში გააკეთა, იმაზე ბევრად უარესს ახლა უკრაინაში აკეთებს და თუ გაუვიდა, სხვებისკენაც გაიწევს, სომხეთი ისედაც ვასალი ჰგონია. როგორმე უნდა შეაჩერონ" - ამბობს ის.

კიდევ ერთი ადგილობრივის, ევროპული პარტიის წარმომადგენლის ტიგრან ხზმალიანის თქმით, ახლა უკრაინაში მხოლოდ იმ ქვეყნის კი არა, სომხეთის ბედიც წყდება.

"ახლა სომხეთი მშვიდობის მხარეს არის. არ დაუჯეროთ პრორუსულ არხებს, რუსეთი აგებს, მხოლოდ უკრაინასთან კი არა, საქართველოსთან, ჩვენთან, მსოფლიოსთან, ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ომი არ სურს, ომი კი არავის სურს, პუტინის რუსეთის გარდა და ამისთვის უნდა ზღოს" - ამბობს ის.

თუმცა, არიან ისეთებიც ვისაც მიაჩნიათ, რომ თურქეთის ფაქტორის გათვალისწინებით, სომხეთი რუსეთის გარეშე დაიკარგება და ამიტომ როგორც შეიძლება, ისე უნდა დაუჭირონ მხარი. ადგილობრივების თქმით, ეს ის კატეგორიაა, ვინც ფინანსურად რუსეთზეა დამოკიდებული და კიდევ, ვისაც საბჭოთა ნოსტალგია აქვს...