უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ სამშობიაროზე განხორციელებულ ავიათავდასხმას გამოეხმაურა.
უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე დახურონ.
"მარიუპოლი. რუსული ჯარის პირდაპირი დარტყმა სამშობიაროზე. ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან. ბავშვები არიან ნანგრევების ქვეშ. ეს სისასტიკეა!“, - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამში.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იკითხა, თუ როდემდე გააგრძელებს მსოფლიო ამის იგნორირებას, რითაც „ამის თანამონაწილეა“.
„დაუყონებლივ დახურეთ ცა! სასწრაფოდ შეწყვიტეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ამის ძალა. მაგრამ, როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანობას“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, 9 მარტს რუსმა ოკუპანტებმა საჰაერო იერიში მიიტანეს მარიუპოლის სამშობიარო სახლსა და ბავშვთა საავადმყოფოზე. UNIAN-ის ინფორმაციით, ბევრი გარდაცვლილი და დაშავებულია. ამასთან, ორივე შენობა მთლიანად დანგრეულია.