ავტორი:

"გახსოვთ, პანდემიის დასაწყისშიც ხდებოდა პანიკური შესყიდვები... მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს" - ოთარ შამუგია

"გახსოვთ, პანდემიის დასაწყისშიც ხდებოდა პანიკური შესყიდვები... მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის საჭიროება არ არსებობს" - ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სურსათის არც მარაგების კუთხით და არც მომარაგების პროცესში შეფერხება არ არის.

როგორც შამუგია აღნიშნავს, სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია მიმწოდებლებთან და იმპორტიორებთან პროცესების ეფექტიანი მართვისთვის.

"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესი სურსათით მომარაგების მიმართულებით. ჩვენ სწორედ ამ პროცესების კოორდინირებულად მართვისთვის შევხვდით იმპორტიორებს და სურსათის ძირითად მიმწოდებლებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ, რომლის კომენტარსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მოსახლეობას მიმართავს, რომ სურსათის მარაგების შექმნის და ამ მიზნით ზედმეტი შესყიდვების განხორციელების საჭიროება არ არსებობს.

როგორც შამუგია აღნიშნავს, არა მარტო პირველადი მოხმარების, არამედ სხვა პროდუქტების მხრივ შესაბამისი მარაგები არსებობს.

"გახსოვთ, პანდემიის დასაწყისშიც ადგილი ჰქონდა პანიკურ შესყიდვებს, რის გამოც იყო გარკვეული პროდუქტების დეფიციტი დახლებზე. თუმცა, არც მაშინ იყო ეს მარაგების უქონლობით გამოწვეული, არამედ გამოწვეული იყო იმ პროცესებით, რაც მოსახლეობის მხრიდან მარაგების შექმნას უკავშირდებოდა. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მარაგების შექმნის და ამ მიზნით ზედმეტი შესყიდვების განხორციელების საჭიროება არ არსებობს, რადგან ჩვენ ყველა მიმართულებით, არა მარტო პირველადი მოხმარების, არამედ სხვა პროდუქტების მხრივ შესაბამისი მარაგები გვაქვს და ამას დაინახავს საზოგადოება მომავალ დღეებში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა მომარაგების პროცესის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარაგების შევსება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, არცერთი პროდუქტის იმპორტის განხორციელების მიმართულებით არ არის შეფერხება და ქვეყანაში არის იმ რაოდენობის მარაგი, რაც საჭიროა მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.