ავტორი:

პოლიციამ თბილისში 3 ადამიანის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - რა მოხდა ჭიაურელის ქუჩაზე

პოლიციამ თბილისში 3 ადამიანის დაჭრის  ბრალდებით ერთი პირი დააკავა - რა მოხდა ჭიაურელის ქუჩაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.გ. თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარება ედება.

"დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 მარტს, თბილისში, სოფიკო ჭიაურელის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 3 პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.