ავტორი:

ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია და ფასდაკლება გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირების პროცედურაზე - „ნიუ ჰოსპიტალსი“ გლაუკომის მსოფლიო კვირეულს უერთდება

ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია და ფასდაკლება გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირების პროცედურაზე - „ნიუ ჰოსპიტალსი“ გლაუკომის მსოფლიო კვირეულს უერთდება

მსოფლიოში ყოველ ერთ წუთში გლაუკომით ერთი ადამიანი ბრმავდება, ხოლო ყოველ 10 წუთში - ერთი ბავშვი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოში გლაუკომით დაავადებული 76 მილიონი ადამიანი ფიქსირდება. დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალში შეუქცევადი ცვლილებები მხედველობის მნიშვნელოვან დაქვეითებამდე და სიბრმავემდე. ეს არის თვალის ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია მუდმივი ან პერიოდული წნევის მომატება, მხედველობის ველის დამახასიათებელი ცვლილებები და მხედველობის ნერვის პროგრესული დისტროფია.

გლაუკომასთან ბრძოლის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის დროულ დიაგნოსტიკას. საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ყოველწლიურად გლაუკომის მსოფლიო კვირეული ტარდება, რომელსაც საქართველოც უერთდება. კვირეულის ფარგლებში „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში გლაუკომის პაციენტთა სკოლის შეხვედრები იმართება. როგორც ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოქირურგი, მედიცინის დოქტორი მარიამ გოლოვაჩოვა განმარტავს, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გლაუკომასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო კითხვაზე მიიღებენ პასუხებს. მათ ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციაც ჩაუტარდებათ. დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეფექტურ გზებზე კი თავად მარიამ გოლოვაჩოვა გვესაუბრება.

რა ტიპის დაავადებაა გლაუკომა?

გლაუკომა თვალის დაავადებათა დიდ ჯგუფს აერთიანებს. დაავადებას დაახლოებით 60 სახესხვაობა აქვს. გლაუკომის დროს თვალშიდა წნევა მუდმივად ან პერიოდულად აღემატება ტოლერანტულ მაჩვენებელს, ვითარდება მხედველობის ნერვის დისკოსა და ბადურას განგლიური უჯრედების დამახასიათებელი დაზიანება. ამ დროს წარმოიქმნება მხედველობითი ფუნქციის გლაუკომისთვის დამახასიათებელი დარღვევები.

წარმოშობის მიხედვით ვარჩევთ პირველად და მეორად გლაუკომას, ხოლო თვალშიდა წნევის მომატების მექანიზმის მიხედვით ღიაკუთხოვან და დახურულკუთხიოვან გლაუკომას.

რა იწვევს გლაუკომას? არის თუ არა ის მემკვიდრული დაავადება?

გლაუკომა მულტიფაქტორული დაავადებაა. რისკფაქტორებიდან ერთ-ერთი ძირითადი გენეტიკური წინასწარგანწყობაა. გარდა ამისა რისკის ფაქტორებია: ხშირი მაღალი თვალშიდა წნევა, რომელიც აღემატება ტოლერანტულს, ასაკი 65 წლის ზემოთ, მხედველობის ველის ლაქები ანუ მიკროსკოტომები, თხელი რქოვანა. ასევე, სხვა ფაქტორები, როგორიცაა არტერიული ჰიპერტეზნია, გულსისხლძარღვთა დაავადებები, მიოპია, შაკიკი და სხვა.

პაციენტებმა, რომელთაც გენეტიკური განწყობა აქვთ, 40 წლის შემდეგ წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ რუტინული ოფთალმოლოგიური კვლევები და გაიარონ კონსულტაცია ოფთალმოლოგთან.

როგორია დაავადების სიმპტომები ადრეულ ეტაპზე?

სამწუხაროდ, გლაუკომა ხშირ შემთხვევაში ასიმპტომატურია და პაციენტი უკვე დაავადების შორს წასულ ეტაპზე მოგვმართავს ხოლმე. დაავადება უმეტესად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. თუმცა არსებობს სიმპტომები, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. ესენია: მხედველობის პერიოდული დაბინდვა, ცისარტყელას მსგავსი რგოლები ნათურის გარშემო, ცრემლდენა.

მისი ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებელია სწორი მართვისა და მხედველობის შენარჩუნებისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გლაუკომა შეუქცევადი დაავადებაა და ამ დროს დაკარგული მხედველობის დაბრუნება ვერ ხდება ვერც მედიკამენტური მკურნალობის და ვერც ქირურგიული ჩარევის გზით.

როგორ ხდება გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკა?

თვალის ელექტროფიზიოლოგიური კვლევები გვაძლევს საშუალებას, რომ გლაუკომის დიაგნოზი დავსვათ მანამ, სანამ კლინიკური დაზიანება გამოვლინდება. შესაბამისად, მკურნალობა ადრეულ ეტაპზე დაიწყება და ბევრად უფრო ეფექტურიც იქნება.

ზოგადად, გლაუკომის დიაგნოსტირება დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. ადრეულ სტადიაზე დიაგნოზის დადასტურებისთვის რუტინული კვლევების გარდა რეკომენდებულია მაღალტექნოლოგიური კვლევები: თვალის ელექტროფიზიოლოგიური კვლევა, მხედველობის ნერვის კონფოკალური ლაზერული ტომოგრაფია, კომპიუტერული პერიმეტრია. ხოლო განვითარებულ ეტაპზე მხოლოდ რუტინული კვლევები ტარდება.

დღეს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის კლინიკებს შორის, სადაც თვალის ელექტროფიზიოლოგიური კვლევების ჩატარებაა შესაძლებელი. ჩვენი კლინიკა თვალის ელექტროფიზიოლოგიურ დიაგნოსტიკაში მსოფლიო ლიდერის - „დიოფსისის“ აპარატითაა აღჭურვილი. ეს არის დიაგნოსტიკის არაინვაზიური, უმტკივნეულო და უსაფრთხო გზა.

როგორც აღნიშნეთ, გლაუკომა შეუქცევადი დაავადებაა. ამ შემთხვევაში რა არის მკურნალობის მიზანი?

დიახ, მკურნალობის შედეგად დაკარგული მხედველობის დაბრუნება ვერ ხდება. მკურნალობის მიზანია პაციენტის მხედველობითი ფუნქციებისა და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნება, პროგრესის შეჩერება.

გლაუკომის მკურნალობა მიმართულია თვალშიდა წნევის დაქვეითებაზე. თითოეული პაციენტისთვის თვალშიდა წნევის ზედა ზღვარი ინდივიდუალურია, შესაბამისად სამიზნე წნევაც განსხვავდება. ეს მაჩვენებელი გლაუკომის ფორმასა და სტადიაზეა დამოკიდებული.

ტრადიციულად, მკურნალობა იწყება მედიკამენტოზური თერაპიით. მედიკამენტოზური თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში კი პაციენტს ლაზერული ქირურგია უტარდება.

რა ტიპის ქირურგიული ჩარევა ტარდება გლაუკომის დროს?

ლაზერული ქირურგია სხვადასხვა ტიპისაა. ესენია ირიდოტომია, ტრაბეკულოპლასტიკა, ციკლოფოტოკოაგულაცია. მათი არაეფექტურობის შემთხვევაში კი ტარდება ქირურგიული მკურნალობა ანტიგლაუკომატოზური ოპერაციებით. ოპერაციის ტიპი გლაუკომის ფორმაზეა დამოკიდებული. ქირურგიული ჩარევის მიზანია მოხდეს თვალშიდა წნევის მოწესრიგება, შეიქმნას გზა წყალ-წყალა ნამის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად.

თანდაყოლილი გლაუკომის შემთხვევაში პირველადი მკურნალობა ქირურგიული ჩარევაა. ქირურგიული ჩარევა ძირითადად ამბულატორიულ პირობებში ტარდება, გარდა გამონაკლისებისა და პედიატრიული საჭიროებების შემთხვევაში. თანდაყოლილი გლაუკომის ქირურგიული მკურნალობა მხოლოდ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში არის შესაძლებელი.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ გლაუკომის საერთაშორისო კვირეულს შეუერთდება. რა არის დაგეგმილი მარტში?

გლაუკომის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, ნებისმიერ მსურველს პაციენტთა სკოლის შეხვედრებზე ვიწვევთ. შესაძლებლობა გაქვთ დაესწროთ შეხვედრას და მიიღოთ პასუხი თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე გლაუკომის, მისი ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობების შესახებ.

ყველა მსურველს, რომელიც შეხვედრას დაესწრება, შესაძლებლობა ექნება გაიაროს უფასო კონსულტაცია ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვან სპეციალისტებთან და მიიღოს ფასდაკლება გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირების პროცედურაზე. დიაგნოსტირებისთვის გამოყენებული იქნება უახლესი, ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

არ დაგავიწყდეთ, დროული დიაგნოსტიკა გლაუკომასთან ბრძოლის მთავარი წინაპირობაა.

R