ავტორი:

"რა იქნება შემდეგ, როცა ოცნებები იწვის? დიახ, უკრაინელად ყოფნა სუპერძალაა“ - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის ცოლი, რომელიც უკრაინაში დაბრუნდა

"რა იქნება შემდეგ, როცა ოცნებები იწვის? დიახ, უკრაინელად ყოფნა სუპერძალაა“ - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის ცოლი, რომელიც უკრაინაში დაბრუნდა

მომღერალ გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, მარინა კარპი, რომელიც უკრაინელია, ამ რთულ ვითარებაში სამშობლოში წავიდა. მარინა სოციალურ ქსელში თვითმფრინავში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ "უკრაინელად ყოფნა სუპერძალაა."

"24 თებერვლის შემდეგ, ჩემთვის პირველი დღეა, როდესაც პანიკური შეტევა არ მაქვს. დღეს გონების გათიშვა შევძელი და საკუთარ თავს ვკითხე - რა იქნება შემდეგ?

რა მოხდება მსოფლიოში, სადაც შეიძლება უდანაშაულო ადამიანების სახლები დაიწვას, სადაც მთელი ცხოვრება ერთ ზურგჩანთაში ეტევა და სადაც უსაფრთხოება პირობითი გახდა.

რა იქნება იქ, სადაც უსამართლობა და ტკივილი ავსებს ადამიანების გულებს, სადაც წესით სიყვარული, თანაგრძნობა და სიკეთე უნდა იყოს.

რა იქნება შემდეგ, როცა ოცნებები იწვის? როცა გეგმები უნდა შეცვალო, გადახაზო, მათზე უარი თქვა.

დღეს მე პასუხები ვიპოვე - ვიდრე ცოცხალი ვარ, მე პასუხს ვაგებ ჩემი შვილების, მშობლების, ჩემი უკრაინის წინაშე და დანებების უფლება არ მაქვს. უნდა გავაგრძელო იმის კეთება, რაც შემიძლია, თუნდაც თავს იმ მუსიკოსად ვგრძნობდე, რომელიც ტიტანიკთან ერთად იძირებოდა, დანებების უფლება არ მაქვს.

ჩვენ ყველანი გავუძლებთ ამას - ჩანთებზე ცხოვრებით, დამსხვრეული გემებით, მაინც გავუძლებთ! და დიახ, უკრაინელად ყოფნა სუპერძალაა“, - წერს მარინა კარპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მარინა კარპი დონეცკიდანაა. თავისი მშობლიური მხარის შესახებ ის სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებდა:

"მე ვარ უკრაინელი! დავიბადე დონეცკში და გავიზარდე ბებიასთან ერთად ალუშტას სანაპიროებზე, ყირიმში. საქართველოში გავთხოვდი და შვილები გავაჩინე. არცერთი ეს მნიშვნელოვანი ადგილი ჩემთვის არ დარჩენილა ანექსიის გარეშე და ეს უკვე შემთხვევითი არ არის - ეს პოლიტიკის შედეგია. უკრაინა და საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, წერტილი. ყველას მოუწევს ამასთან შეგუება, ვისთვისაც არასასიამოვნოა ან ვისაც ეს არ მოსწონს. დიდება უკრაინას! საქართველოს გაუმარჯოს!", - ამბობდა მარინა კარპი.