ავტორი:

რა საკითხებს დააყენებს უკრაინა სამმხრივ შეხვედრაზე - დმიტრო კულება და მევლუთ ჩავუშოღლუ რუსული აგრესიის შესაჩერებლად კოორდინირებულად იმოქმედებენ

რა საკითხებს დააყენებს უკრაინა სამმხრივ შეხვედრაზე - დმიტრო კულება და მევლუთ ჩავუშოღლუ რუსული აგრესიის შესაჩერებლად კოორდინირებულად იმოქმედებენ

უკრაინისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დმიტრო კულება და მევლუთ ჩავუშოღლუ შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის შესაჩერებლად კოორდინირებულად იმოქმედებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კულებამ ჩავუშოღლუსთან მოლაპარაკებები ანტალიაში სამუშაო ვიზიტისას გამართა.

უკრაინის პირველმა დიპლომატმა თურქეთის მისამართით მადლიერება გამოხატა პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

ამასთან, კულებამ თავის თურქ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქალაქების დაბომბვის გზით ჩადენილი სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომლის დროსაც იღუპებიან ადამიანები, მათ შორის ბავშვები.

"რუსი სამხედროები ბარბაროსულად ბომბავენ საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ სახლებს. იხოცება და შავდება მშვიდობიანი მოსახლეობა. განსაკუთრებით საზარელი დანაშაულია მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის დაბომბვა. მსოფლიომ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს, რათა შეაჩეროს სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები რუსეთის ფედერაციის მხრიდან,“ - განაცხადა კულებამ.

მინისტრებმა განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და ომის შეწყვეტის ნაბიჯები. ამ კონტექსტში, კულებამ მადლობა გადაუხადა ჩავუშოღლუს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის ინიცირებისთვის.

"უკრაინა მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციით ჩამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, ჩვენი დიპლომატიის, ჩვენი თავდაცვის ძალების, მთელი უკრაინელი ხალხის უძლეველობისა და პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, რუსი დამპყრობლები ყველა ფრონტზე შესაბამის პასუხს იღებენ,“- აღნიშნა კულებამ.

მან ის სამი საკითხიც გამოყო, რომელსაც სამმხრივ შეხვედრაზე დააყენებს. ეს არის: ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა, მარიუპოლში, ხარკოვში, სუმიში, ვოლნოვახასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესება და რუსული ჯარის გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა თურქეთს, გააგრძელოს ოფიციალურ მოსკოვთან მუშაობა, რათა მან უკრაინაში სისხლისღვრა შეწყვიტოს.