რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა დასრულდა და მხარეებმა უკვე პირველი განცხადებებიც გააკეთეს. შეხვედრა ანტალიაში გაიმართა.
"ეს მოლაპარაკებები იყო ორივე: რთულიც და მარტივიც" - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
კულებას განმარტებით, მოლაპარაკებები მარტივი იყო, რადგან ლავროვი კვლავაც მის ჩვეულ ნარატივს მიყვებოდა უკრაინასთან დაკავშირებით.
"რთული კი იყო, რადგან მე გავაკეთე მაქსიმუმი იმისთვის, რომ მომენახა დიპლომატიური გამოსავალი ჰუმანიტარული ტრაგედიიდან, რომელიც ვითარდება საბრძოლო მოქმედებების არეალში,“- განაცხადა კულებამ.
მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
"ჩვენ შევთანხმდით ძალისხმევის გაგრძელებაზე, რათა მოვძებნოთ ადგილზე არსებული ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების გზები. მზად ვარ, გავაგრძელო ჩართულობა ამ პროცესში უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, უკრაინის მოსახლეობის წამების შესაჩერებლად და ჩვენი ტერიტორიების რუსული საოკუპაციო ძალებისგან გასათავისუფლებლად", - აღნიშნა კულებამ.
მისივე თქმით, მან რამდენიმე საკითხი წამოწია, რომელთა შორის იყო მარიუპოლისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნა და ასევე 24- საათიანი ცეცხლის შეწყვეტა ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა როგორც კულებამ აღნიშნა, მისმა კოლეგამ ამ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო.
"ახლა ყველაზე ტრაგიკული ვითარება ქალაქ მარიუპოლშია, ქალაქი იბომბება ციდან, მას საარტილერიო ცეცხლით ამუშავებენ და მე აქ ჰუმანიტარული მიზნით მოვედი, რათა შეხვედრიდან გამოვსულიყავი გადაწყვეტილებით ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობასთან დაკავშირებით მარიუპოლში და მარიუპოლიდან, რათა მარიუპოლის დატოვება შეძლონ მშვიდობიანმა მოქალაქეებმა, რომლებსაც სურთ გაექცნენ შიშსა და გაჭირვებას. ამასთანავე, მარიუპოლს მიეწოდოს ჰუმანიტარული ტვირთი. სამწუხაროდ, მინისტრი ლავროვი არ იყო იმ პოზიციაში, რომ დაედასტურებინა ეს, მაგრამ მას კომუნიკაცია ექნება შესაბამის მაღალჩინოსნებთან რუსეთში ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ, ასევე, წამოვწიეთ 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა გადაგვეწყვიტა ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული პრობლემები. ჩვენ ამ მიმართულებით პროგრესი არ გვაქვს, რადგან, როგორც ჩანს, რუსეთში ამ საკითხს სხვა ადამიანები წყვეტენ.
ჩვენ შევთანხმდით ძალისხმევის გაგრძელებაზე, რათა მოვძებნოთ ადგილზე არსებული ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების გზები. მე მზად ვარ, რომ კვლავ გავმართო შეხვედრა ამ ფორმატში, თუ იქნება არსებითი დისკუსიისა და გადაწყვეტის მოძებნის პერსპექტივა. მე მწამს, რომ როდესაც ერთმანეთს საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან, მათ აქვთ მანდატი მოილაპარაკონ უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე, იმ მანდატით, რომელიც მოგვენიჭა ჩვენი ლიდერებისა და პარლამენტისგან. მზად ვარ გავაგრძელო ჩართულობა ამ პროცესში უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, უკრაინის მოსახლეობის წამების შესაჩერებლად და ჩვენი ტერიტორიების რუსული საოკუპაციო ძალებისგან გასათავისუფლებლად,“- განაცხადა კულებამ.
"სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ. რუსეთი არც უკრაინას დასხმია თავს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თავის უკრაინელ კოლეგა, დმიტრო კულებასთან, თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციას.
"ჩვენ ავხსენით, რომ დადგა მდგომარეობა, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა. ამას ჩვენ არაერთი წლის განმავლობაში ვახსენებდით, ვთხოვდით, მოვუწოდებდით, მაგრამ არავინ გვისმენდა. პრეზიდენტ პუტინს ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ უსაუბრია. რაც შეეხება ახალ ფაქტებს, რომელიც გათავისუფლებულ ტერიტორიებზე გამოაშკარავდა - კერძოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, როგორც ამბობენ, ამ სახალხო რესპუბლიკებზე თავდასხვა დეტალურად იგეგმებოდა, თანაც ამ თვეში.
აღმაშფოთებელია ის ფაქტიც, თუ რას საქმიანობს პენტაგონი თავისი ფულით შექმნილ ლაბორატორიებში. ისინი უკრაინის ტერიტორიას იმისთვის იყენებენ, რომ პათოგენებზე ექსპერიმენტები ჩაატარონ, რაც შემდგომში ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად შეიძლება გამოიყენონ. აშშ-ის წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია საჯაროდ უარყვეს, ეს არ არის გასაკვირი. გაერო და ევროკავშირი აცხადებენ, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ეს არ არის გასაკვირი, რადგან აშშ ამ საქმიანობას მკაცრად გასაიდუმლოებულ პირობებში ახორციელებს. ზუსტად ასე ისინი მოქმედებენ პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებშიც - ისინი რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პერიმეტრზე სამხედრო-ბიოლოგიურ ლაბორატორიებს ქმნიან“, - განაცხადა ლავროვმა.
"უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას რაც შეეხება, ვხედავთ, თუ რამდენად სახიფათოდ მოქმედებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ევროკავშირმა, ყველა თავისი პრინციპის და ე.წ. ღირებულებების დარღვევით ახალისებს ლეტალური იარაღის უკრაინისთვის მიწოდებას - ათასობით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელთა გადატანაც ყველგან არის შესაძლებელი. ტერორისტები მათ ძალიან ხშირად იყენებდნენ იმისათვის, რომ სამოქალაქო ავიაციაციისთვის საფრთხე შეექმნათ. სად მოხდება ამ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გადატანა, ამ კითხვას ჩვენს კოლეგებს ევროკავშირში ვუსვამთ. როდესაც ისინი ინტერესდებიან იმით, თუ როგორ უნდა დასრულდეს უკრაინაში რუსეთისადმი საფრთხისა და მუქარების შემცველი პოლიტიკა, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში ყალიბდებოდა, მათ პასუხი არ აქვთ. ეს საფრთხე და რისკები სამოქალაქო ავიაციისთვის მრავალი წლის განმავლობაში იარსებებს და ეს არ ეხება მხოლოდ უკრაინის საჰაერო სივრცეს, აღნიშნული საფრთხე შეიძლება მთელ ევროპას შეეხოს“, - განაცხადა ლავროვმა.