დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინისთვის საქართველოზე მეტს აკეთებს - ერთი ასეთი ქვეყანა დამისახელეთ და შევადაროთ! დამისახელეთ ფაქტი, რა შეუძლია და რას არ აკეთებს საქართველოს სახელმწიფო და ხელისუფლება?! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ყველა ქვეყნის მთავრობისათვის მთავარი ამოსავალი მათი ქვეყნის ინტერესია. დეპუტატმა აქვე დასძინა, “ვისაც ძალა და შესაძლებლობა აქვს, რატომ არ ებმებიან ომში?!“.
ამასთან, ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მიმართა, “ვიხელმძღვანელოთ სახელმწიფოს ქმედებებით და არა ვიღაცის გამონათქვამით“.
“თუკი უკრაინის რადას თავმჯდომარე საკუთარ მიმართვაში იმ ფაქტს გულისხმობს, რომ რძის პროდუქტებთან დაკავშირებით ბაზრის მოძიებაზე 2020 წლის მიმართვას რუსეთის ფედერაცია რამდენიმე დღის წინ დასთანხმდა, ამაზე ახსნა-განმარტება არაერთხელ გაკეთდა როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის, ასევე ჩვენი არაერთი ლიდერის მხრიდან, თუ რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული - იქვა, რომ მიმართვა მანამდე იყო გაგზავნილი, ხოლო რუსეთი არსებულ სიტუაციაში დათანხმდა. ამას არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია. სწორედ იმ დილას აღნიშნული თემა საჯაროდ ელენე ხოშტარიამ გამოიტანა და დაიწყო, თითქოს პროცესი ახლა მიმდინარეობდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ესეც საეჭვოა - ალბათ, გამოჩნდა ელენე ხოშტარიას პარტნიორი რუსეთის ფედერაციაში, როგორც გავრილოვი გამოჩნდა...
თუ ჩვენი ოპოზიციის სამარცხვინო მოქმედებებს დავაკვირდებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჩემს მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი იმაში მდგომარეობდა, რომ მიჩვეული ვართ - ჩვენი ოპოზიციისთვის ენას ძვალი არა აქვს, რასაც უნდათ იმას საუბრობენ და ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ როდესაც საომარი მდგომარეობაა და სახელმწიფო ზღვარზეა როგორმე ომში ჩაითრიონ, ეს ადამიანები ქვეყნის ფარგლებს გარეთ კადრულობენ და საკუთარ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობაში ადანაშაულებენ...
დღეს უკრაინას ომი აქვს. ხატია დეკანოიძე საქართველოს სახელით ერთ-ერთ უკრაინულ არხს ერთვება და უკრაინელ ხალხს მიმართავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთისა და პუტინის ხელისუფლება, რომელიც უნდა მოვიშოროთ. ეს ადამიანები ომში არიან და რა თქმა უნდა, ამას მათზე გავლენა ექნება.
საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სოლიდარულია უკრაინის მიმართ და ასეთია მთავრობის ყოველდღიური მესიჯი მსოფლიოს მიმართ. ვინც სხვანაირად იგებს მისი პრობლემაა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ქართველ დეპუტატებს მიმართავს.
„გამარჯობა გენაცვალე! ყოველთვის ასე ვესალმებოდი ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტში.
როგორ მოხდა, გენაცვალე, რომ დღეს, როდესაც რუსეთის ომი თქვენ მოძმე უკრაინაში სრულმასშტაბიანად არის გაჩაღებული, თქვენ გადაწყვიტეთ ვაჭრობის გაფართოება ქვეყანასთან, რომელიც თავს დაგვესხა ორივეს, თქვენც და ჩვენც?
რუსეთის გადაწყვეტილება შეუმსუბუქოს სასანქციო ზეწოლა საქართველოს, შეიძლება იყოს მადლიერების ფორმა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებაზე სრულად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას? რძის პროდუქტების 15 ქართველ მწარმოებელზე სანქციების მოხსნა შეიძლება ღირდეს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად, ჩვენს ერთობლივ ხანგრძლივ ბრძოლად, ჩვენს ერთობლივ მისწრაფებებად?“ - აცხადებს უკრაინის რადას თავმჯდომარე და ქართველ კოლეგებს მიმართავს, ჩუმად არ იყვნენ.