ავტორი:

"ასე მგონია, მთვარეზე ცხოვრობთ... ბატონო არძინბა, ზღაპრებს ნუ გვიკითხავთ, ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს" - აფხაზების გამოხმაურება "დამოუკიდებლობის აღიარების" მოთხოვნაზე

"ასე მგონია, მთვარეზე ცხოვრობთ... ბატონო არძინბა, ზღაპრებს ნუ გვიკითხავთ, ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს" - აფხაზების გამოხმაურება "დამოუკიდებლობის აღიარების" მოთხოვნაზე

"მოვუწოდებთ საქართველოს, აღიაროს ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა..." - ამ ფრაზით ე.წ. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ინალ არძინბამ და დიმიტრი მედოევმა ქართულ მხარეს, სოხუმიდან მათი ერთობლივი შეხვედრის დროს მოუწოდეს.

აფხაზური მედიის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს, რომლის მიხედვითაც "ადასტურებენ ურთიერთინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს, ორივე სახელმწიფოს ხალხების საკეთილდღეოდ“. ასევე გადაწყვიტეს, ერთად იმუშაონ რესპუბლიკების საერთაშორისო აღიარებაზე.

"სამხრეთ ოსურმა და აფხაზურმა მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება ფართო საერთაშორისო აღიარების მისაღწევად. მინისტრები მოუწოდებენ საქართველოს, აღიაროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა - ნათქვამია დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც, აფხაზური და ოსური მხარეები "მტკიცედ აპირებენ", საერთო ძალისხმევით მიაღწიონ საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული გარანტიების ხელმოწერას" - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც abkhaz-auto.ru ავრცელებს.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს უკრაინაში და გადაწყვეტილებას ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარებასთან დაკავშირებით და განაცხადეს, რომ დოკუმენტში ასევე ჩადებულია "გაეროში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის პოზიციების გამოხატვის უფლების მინიჭების სურვილი".

ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლება აფხაზეთის ე.წ. მინისტრ ინალ არძინბას ადანაშაულებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში - უკრაინის სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მცდელობასა და ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ის ასევე შესულია უკრაინის შავ სიაში.

არძინბასა და მედოევის მიმართვას აფხაზეთის მოსახლეობა სოციალურ ქსელებში ეხმიანება. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს "ძალიან დროული განცხადებაა, რადგან ახლა მსოფლიოში სხვა რეალობაა. აღიარება კი, ორივე ქვეყნისთვის, როგორც საქართველოსთვის, ასევე აფხაზეთისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების კუთხით, სასარგებლო იქნება".

სხვების თქმით, ინლა არძინბა კარგა ხანია არ გამოჩენილა და ეტყობა კრემლიდან ახალი დირექტივები მიიღო.

"ამდენი უბედურებისა და სასოწარკვეთილების ფონზე, როდესაც ადამიანებს ელემენტარული პირობები არ აქვთ, ისეთ თემებზე დაიწყებენ საუბარს, ასე მგონია მთვარეზე ცხოვრობენ... რატომ ვიგდებთ თავს ასეთ სასაცილო მდგომარეობაში, რა ჰგონიათ, რომ პრორუსული მედიის გარდა მართლაც არაფერს ვკითხულობთ?" - წერს სოციალურ ქსელში ტატიანა ავიძბა.

"თოჯინების გამომშვებმა გასცა ბრძანება და ჩვენი მედვედევიც იმეორებს..." - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი.

"უაზროდ გასროლილი სიტყვები, რომელიც მათი ჭკუით, ვითომ რაღაცის იმედს გაგვიჩენს - სულელმაც კი იცის, რომ საქართველო არასდროს აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, სამხრეთ ოსეთს კი ეს არც სჭირდება, ისედაც მიუერთდნენ უკვე რუსეთს და ეტყობა, ამ გაუგებრობაში ჩვენს ჩათრევასაც აპირებენ" - მიაჩნია აგრიკო შაკაიას.

"ერთი კვირის სამყოფი პურის ფქვილის მარაგიც არ აქვს ამ ჩვენს აფხაზეთს, სახელმწიფოს რომ ვუწოდებთ... ბატონო არძინბა, ზღაპრებს ნუ გვიკითხავთ, გაიხადეთ გარეთ რა ხდება, რა ღირს საწვავი, შაქარი, ზეთი, მედიკამენტები და მიხვდებით, რომ სახელმწიფო არ გვაქვს და არც არასდროს გვქონია" - წერს მინირა ესებუა.