ავტორი:

მოიმატებს თუ არა პურზე ფასი? - რას ამბობს "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე

მოიმატებს თუ არა პურზე ფასი? - რას ამბობს "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე

მაისამდე პურპროდუქტებში თავის ტკივილი არ გვექნება. მაისამდე ქვეყანა არის უზრუნველყოფილი იმით, რომ პურზე ფასი არ შეიცვლება და მარაგიც არის, - ამის შესახებ საქართველოს "პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ერთი ტომარა ფქვილის ფასი 70 ლარამდე გაიზრდება, პურის ფასს გაძვირება არ მოუწევს, მაგრამ თუკი ამ ნიშნულს გადასცდება, პურის ფასის სტაბილურობის მიზნით, სავარაუდოდ, მთავრობა სუბსიდირებას განახორციელებს.

მალხაზ დოლიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის, ხორბლისა და ფქვილის 2-3 თვის მარაგია.

"თუ ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 70 ლარამდე იქნება, ამ შემთხვევაში პურის ფასს გაძვირება არ მოუწევს, მაგრამ თუ ამ ნიშნულს გადასცდა, შემდეგ ალბათ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჩაერთვება ან სხვა სიტუაცია იქნება.

უფრო ადვილია სუბსიდირება ფქვილზე, ან ხორბალზე გაკეთდეს და არა პურზე, იმიტომ, რომ პურის დამამზადებელი ქვეყანაში საკმაოდ ბევრია, დაახლოებით 2400-ზე მეტი. ამიტომ პურის სუბსიდირება ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება და უფრო ადვილია, თუ ფქვილზე გაკეთდება.

სახელმწიფომ ხორბლისა და ფქვილის შემოტანაზე მომუშავე კომპანიებზე გასცა დავალება, რომ 2-3 თვის მარაგი ხორბალი უნდა შეიძინონ. თუ ეს არ იქნება რუსეთი, შესაძლებელია იყოს ევროპის რომელიმე ქვეყანა. მოლაპარაკება მიდის ყაზახეთთანაც,“ - განაცხადა მალხაზ დოლიძემ "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.