სანამ წულუკიანი ქართველ სამხედროებს ებრძოდა, მე შევკრიბე მსოფლიოს წამყვან იურისტთა ჯგუფი, რათა ისინი დამეცვა, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, რითიც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
როგორც სააკაშვილი წერს, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ რუსებმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება სასამართლოში მტკიცებულებად წარადგინეს.
„კიდევ ერთხელ ჰააგაზე. წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით ყველაფერი გააკეთა, რომ ტრიბუნალი ჩემზე გამოსულიყო და სრულიად საპირისპირო შედეგი მიიღეს! პირველად ტრიბუნალის ისტორიაში, სადაც ყოველთვის ორივე მხარეს ამტყუნებდნენ, ახლა ცალსახად დაწერეს, რომ ქართული მხარე უდანაშაულოა. დღეს თავხედურად, მთავრობა თავის თავზე იწერს გადაწყვეტილებას.
სანამ წულუკიანი ქართველ სამხედროებს ებრძოდა, მე შევკრიბე მსოფლიოს წამყვან იურისტთა ჯგუფი, რათა ისინი დამეცვა. შარშანწინ მათი საბოლოო, 300-გვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნეს. სასამართლომ პრაქტიკულად გაიმეორა ამ დასკვნის თეზისები.
ეს გადაწყვეტილება არის ცალსახა პასუხი. ყველაზე სამწუხაროა, რომ რუსებმა სალომე ზურაბიშვილის განცხადება მტკიცებულებად წარადგინეს სასამართლოში, თუმცა ეს არ იქნა გათვალისწინებული, ისევე როგორც რუსეთის სხვა მტკიცებულებები”, - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.
კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან : გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო; დავით სანაკოევი, “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პრეზიდენტის“ დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.