აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.ბაიდენის თქმით, ზელენსკისთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ აშშ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.
"მე მას ვუთხარი, ისევე როგორც ყოველთვის, როდესაც ვესაუბრები, რომ შეერთებული შტატები დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, როდესაც ისინი ასე მამაცურად იბრძვიან, რომ დაიცვან საკუთარი ქვეყანა და ისინი ნამდვილად აკეთებენ ამას. თუ პუტინი გააგრძელებს მათზე თავდასხმას, შეერთებული შტატები და ალიანსი, პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებენ პუტინის ეკონომიკურ ზეწოლასა და რუსეთის იზოლაციაში მოქცევას, გლობალურ ასპარეზზე.
დღეს, მოგვიანებით, ჩვენ ვაპირებთ, ნატო-ს ალიანსსა და დიდ შვიდეულთან, კანადასთან, საფრანგეთთან, გერმანიასთან, იტალიასთან, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთთან ერთად, ახალი ნაბიჯების შესახებ გამოცხადებას, პუტინის კიდევ უფრო შევიწროვებისთვის, მისი უკრაინის მიმართ გამხორციელებული აგრესიისთვის“, - განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, აშშ, G7-თან და ევროკავშირთან ერთად, აპირებს რუსეთისთვის "ყველაზე უპირატესი ერის" სტატუსის გაუქმებას, რაც აშშ-ში მუდმივ, ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობებს ითვალისწინებს.
ბაიდენმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს "კიდევ უფრო მეტად აგებინებს პასუხს უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიაზე".
"თითოეული ჩვენი ქვეყანა გადადგამს ნაბიჯებს, რათა უარი თქვას რუსეთისთვის „ყველაზე უპირატესი ერის“ სტატუსზე. ყველაზე უპირატესი ერის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ორი ქვეყანა შეთანხმდა ვაჭრობაზე ერთმანეთთან საუკეთესო პირობებით - დაბალი ტარიფები, ვაჭრობის რამდენიმე ბარიერი და მაქსიმალური შესაძლო იმპორტის დაშვება“, - თქვა ბაიდენმა.