სირიელი ბოევიკების დანიშნულება იქნება, დაკავებულ ქალაქებში პირდაპირ სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ იქ დარჩენილ შეუიარაღებელ მოსახლეობას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში რუსი ჯარისკაცები ვერ ესვრიან , - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა გიგა ინაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ რუსეთის მიერ უკრაინაში საბრძოლველად სირიელი ბოევიკების გაგზავნაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სირიელი ბოევიკები და ცენტრალური აფრიკიდან წარგზავნილი მცირე შენაერთები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.
"ეს პირველ რიგში საზარბაზნე ხორცს რომ ეძახიან ის არის. გარდა სირიისა, რუსეთი გარკვეული დაჯგუფებების მობილიზებას ცენტრალურ აფრიკაშიც ახდენს. სირიელი ბოევიკებიც და განსაკუთრებით, ცენტრალურ აფრიკაში მყოფი ბოევიკები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. დეტალებშია არ ჩავალ, რას აკეთებდნენ გასული წლების განმავლობაში ორივე ქვეყანაში მიმდინარე ომებში. ალბათ მათი დანიშნულება ეს იქნება, რომ დაკავებულ ქალაქებში პირდაპირ სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ იქ დარჩენილ შეუიარაღებელ მოსახლეობას, რომელსაც ხშირ შემთხვევაში რუსი ჯარისკაცები ვერ ესვრიან მთელი რიგი მიზეზების გამო, ფსიქოლოგიური ფაქტორები აქვთ. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორები სირიელებს არ ექნებათ“, - განაცხადა გიგა ინაშვილმა.
ასევე, გიგა ინაშვილმა გადაცემაში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ საფრთხეებზეც ისაუბრა.
"გარე მიწოდება დენის გათიშულია, შიდა ავტონომიურ სადგურებზე მუშაობს, მაგრამ თვითონ რეაქტორები, რასაც დენი არ მიეწოდება, ნახევრად ავარიულ რეჟიმში გათიშულია უკვე. დენი მთლიანად რომ შეწყდეს, უბრალოდ რეაქტორი გაითიშება ავარიულ რეჟიმში და შემდეგ მის აღდგენას და გაშვებას დასჭირდება თვეები. ის, რომ რადიაციამ გაჟონოს, ეგეთი რაღაც არ მოხდება, სარკოფაგი არ გასკდება. სარკოფაგი თავის დროზე 1986 წელს იმიტომ გასკდა, რომ ორთქლის დაგროვება მოხდა მთელი რიგ ექსპერიმენტს ატარებდნენ და მაგას მოჰყვა ეს ყველაფერი და ახლა ეგეთი რაღაც არ მოხდება, ახლა უბრალოდ გაითიშება“, - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა, გიგა ინაშვილმა.