ავტორი:

გატაცებული მელიტოპოლის მერი, დაბომბილი ონკოლოგიური საავადმყოფო და სარაკეტო თავდასხმა ლუცკის აეროდრომზე - რა ხდებოდა მთელი ღამე უკრაინაში?

გატაცებული მელიტოპოლის მერი, დაბომბილი ონკოლოგიური საავადმყოფო და სარაკეტო თავდასხმა ლუცკის აეროდრომზე - რა ხდებოდა მთელი ღამე უკრაინაში?

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსი ჯარისკაცები, სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ მელიტოპოლის მერის გატაცებაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ჯარებმა მერი ივან ფედოროვი შუადღისას გაიტაცეს მას შემდეგ, რაც ტერორიზმში ცრუ ბრალდებები წაუყენეს.

ამის შესახებ რუსი ოფიციალური პირები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

"მელიტოპოლის მერის გატაცება კლასიფიცირებულია, როგორც ომის დანაშაული, ჟენევის კონვენციის მიხედვით და დამატებითი პროტოკოლით, რომელიც კრძალავს მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანას", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეეხება ვითარებას, წუხანდელი ღამეც მძიმე იყო უკრაინისთვის.

რუსულმა ძალებმა ქალაქ ლუცკის აეროდრომზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ქალაქის მერმა იგორ პოლიშჩუკმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აეროდრომი მთლიანად განადგურდა. დაიღუპა 4 და დაშავდა 6 უკრაინელი სამხედრო.

"წინასწარი ინფორმაციით, ჩვენს სამხედრო აეროდრომს ოთხი ფრთოსანი რაკეტა მოხვდა. ასევე წინასწარი ინფორმაციით, რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან, რუსული ხომალდიდან გამოისროლეს“, - განაცხადა ლუცკის მერმა.

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი "სმერჩის" და "გრადის" ტიპის რაკეტებით დაბომბეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ნიკოლაევის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი კიმმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ უბნებზე მიიტანეს იერიში, დაზიანდა სახლები და ავტომობილები, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"ქალაქში სამოქალაქო ობიექტების მისამართით ქაოტური სროლაა,“- აცხადებს ვიტალი კიმი.

არსებული ინფორმაციით, ქალაქ ნიკოლაევში რუსულმა ძალებმა ონკოლოგიური საავადმყოფოც დაბომბეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის საოლქო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაქსიმ ბეზნოსენკომ განაცხადა.

"სწორედ ახლა, ამ ბოროტმოქმედებმა ცეცხლი გაუხსნეს ონკოლოგიურ საავადმყოფოს. საავადმყოფო, რომელიც დახმარებას უწევს ონკოლოგიურ პაციენტებს ნიკოლაევის რეგიონიდან. თუ რუსეთი ონკოლოგიურ პაციენტებში ხედავს მტერს, რომელიც საფრთხეს უქმნის მას, ის არა მხოლოდ ავადმყოფია, უკვე აგონიაშია“, - განაცხადა ბეზნოსენკომ.