ავტორი:

როგორ ვმართოთ ბავშვის ქცევა ABA თერაპიის მეშვეობით - ინტერვიუ თიკო ზენაიშვილთან

როგორ ვმართოთ ბავშვის ქცევა ABA თერაპიის მეშვეობით - ინტერვიუ თიკო ზენაიშვილთან

ფსიქოლოგიური ცენტრი „თიკოს სახლი“ დაარსების დღიდან მომხმარებელს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას სთავაზობს. ქცევის გამოყენებითი ანალიზი, ე.წ. ABA თერაპია. სანამ თერაპიის შესახებ დეტალურად მოგიყვებოდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის თანამედროვე ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქცევის გამოყენებითი ანალიზი ზრდასრულებთანაც აქტიურად გამოიყენება სოციალური უნარების გასაუმჯობესებლად და სხვა არაერთი ფსიქოლოგიური თუ ფიზიოლოგიური პრობლემის აღმოსაფხვრელად.

„თიკოს სახლის“ დამფუძნებლის, თიკო ზენაიშვილის განმარტებით, ABA თერაპიის მიზანი ადამიანის ცხოვრებაში სოციალურად მისაღები ქცევების ხარისხობრივად გაუმჯობესება და ზოგადად, ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდაა. სწორედ ამიტომ არის ის ეფექტური ყველა ასაკის ადამიანთან, რომელსაც საკუთარი ემოციების გაკონტროლება უჭირთ. განსაკუთრებით კი, ბავშვებთან, რომელთა შემთხვევაში, ქცევითი სირთულეები გაცილებით მკაფიოდ იჩენს თავს.

- ქალბატონო თიკო, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს სჭირდება ABA თერაპია?

- ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობელი ამბობს, რომ ბავშვი ჭირვეულია და მასთან ერთად სადმე წასვლას ერიდება. მაგალითად, შეიძლება მაღაზიაში ისტერიკა ატეხოს; ჰქონდეს კონფლიქტი თანატოლებთან, ვერ ახერხებდეს მათთან შეთანხმებულად თამაშს ან ხშირად მკვეთრად გამოხატავდეს უარყოფით რეაქციას, როდესაც მშობელი რაიმეს უშლის. ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში, საქმე გვაქვს რთულ ქცევასთან.

- ზოგადად, როგორ შეიძლება განვმარტოთ რთული ქცევა, რათა გავმიჯნოთ ის ბავშვის ასაკობრივი მახასიათებლებისგან: სიჯიუტისგან, დამოუკიდებლობის სურვილისგან და ა.შ.?

-ყველაზე გავრცელებული განმარტებით, რთული ქცევა არის ნებისმიერი ქცევა, რომელიც ვლიდნება იმდენად ხშირად და ისეთი ხანგრძლივობით, რომ ხელს უშლის ბავშვის ყოველდღიურ ფუნქციონირებას; საფრთხეს უქმნის თავად ბავშვს ან სხვა ადამიანს; აფერხებს განვითარების პროცესს, ხელს უშლის კომუნიკაციას და სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. შეიძლება ხანდახან რთული ქცევის კატეგორიაში გადიოდეს ისეთი ქცევები, რომლებიც თავისთავად მიუღებელი არ არის, მაგრამ ვლინდებოდეს შეუსაბამო დროს და შეუსაბამო ადგილზე.

https://www.facebook.com/TikosSakhli/

- რა უწყობს ხელს რთული ქცევის გამოვლენას და რატომ ყალიბდება ეს მოზარდში?

- რთული ქცევის გამოვლენას სხვადასხვა ფაქტორით ხსნიან, თუმცა ყველაზე გავრცელებული დასწავლის თეორიაა, რომლის მიხედვითაც, ქცევის მომავალში გამოვლენა განპირობებულია იმ შედეგებით, რომლებიც ამ ქცევას მოსდევს. ქცევის მომავალში გამოვლენის ალბათობა იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ქცევას ჩვენთვის სასურველი შედეგი მოჰყვა. ასეთი შედეგი შეიძლება ორგვარი იყოს. პირველი სასიამოვნო სტიმულის მიღებაა (როცა იღებ იმას, რაც გსურდა), ხოლო მეორე - უსიამოვნო სტიმულისგან განთავისუფლება.

ქცევასთან მუშაობა სწორედ მისი მახასიათებლების შესწავლით იწყება. ვაკვირდებით ქცევის ბუნებას, თუ სად და რატომ ვლინდება ის, როგორი ხასიათი აქვს, როგორ იწყება, რა სიხშირით, ხანგრძლივობითა და ინტენსივობით ხასიათდება. რადგანაც ქცევის გამოყენებითი ანალიზის მიზანი ცხოვრებაში სოციალურად მისაღები ქცევების გაუმჯობესებაა, ეს ქცევის დეტალური შესწავლის გარეშე შეუძლებელია.

- რას აძლევს ქცევითი თერაპია ბავშვს და რა პერიოდში შეიძლება დავინახოთ პირველადი შედეგები?

- ბავშვთან ნებისმიერი მიდგომა ინდივიდუალურია. თავად ქცევით თერაპიასაც უამრავი მიდგომა და სტრატეგია გააჩნია. ყველაფერი კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული. წინასწარი ანალიზის გარეშე, პროგნოზირება ძალიან რთულია. მნიშვნელოვანია, თერაპიის პროცესში სპეციალისტები და მშობლები „ერთ ენაზე“ ესაუბრონ ბავშვს. ის პროცესი, რაც ცენტრში იწყება, აუცილებლად სახლშიც უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, შედეგი გაცილებით მალე მიიღება.

- საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს თერაპიის პროცესი და რა ემოციებს იწვევს ის ბავშვში?

- თერაპიის სტრუქტურა ორგანიზებულია. ბავშვმა იცის, რის შემთხვევაში რას მიიღებს. მაგალითად, როცა თერაპევტის მიერ მიცემულ დავალებას შეასრულებს, ზუსტად იცის, რა ჯილდოს დაიმსახურებს, რაც ბავშვების მაღალ მოტივაციას განაპირობებს. თითოეულ შემთხვევაში, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯაა გათვლილი, თუ რის შემდეგ რა უნდა გაკეთდეს.

ხშირად გამოიყენება არტ-თერაპიული ტექნიკები. ABA თერაპია და მისი სტრუქრურირებულობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რომელთაც ახალი სოციალური უნარ-ჩვევების ათვისება და შეძენა უჭირთ; ასევე, აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის, ვისთვისაც სწორედ ეს სფეროა დეფიციტური. გარდა ამისა, ეს მიდგომა ეფექტურია მეტყველების შეფერხების დროს, როდესაც ბავშვს არ შეუძლია სწორი სახელდება მოუძებნოს იმას, რასაც მშობლისგან ითხოვს და ძირითადად, ამას ტირილითა და ჭირვეულობით აკეთებს.

- ვინ ატარებს „თიკოს სახლში“ ABA თერაპიას?

- ქცევითი თერაპევტი, რომელიც განათლებით ფსიქოლოგია, გავლილი აქვს შესაბამისი სწავლება და აქვს მუშაობის გამოცდილება.

- რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის თერაპიაში ჩართვა?

- ეს საკმაოდ მცირე ასაკიდანაა შესაძლებელი. ძირითადად, მშობლები 3 წლიდან მოგვმართავენ, რადგან ამ პერიოდს ასაკობრივი სიჯიუტე ერთვის და ბავშვის ქცევის მართვა განსაკუთრებით რთულდება. ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვები საკუთარი „მე“-ს წარმოჩენას იწყებენ და ავლებენ საზღვრებს, თუ რა შეუძლიათ.