ავტორი:

შავშვებთან ავარიას ექიმი ვალერი ნინიკაშვილი, მისი მეუღლე, შვილი და დედა ემსხვერპლნენ

შავშვებთან ავარიას ექიმი ვალერი ნინიკაშვილი, მისი მეუღლე, შვილი და დედა ემსხვერპლნენ

გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარ ავარიას ერთი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა.

AMMEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილია კლინიკა "იმერმედის" ექიმი ვალერი ნინიკაშვილი, მისი მეუღლე თეა კაპანაძე, შვილი ნიკოლოზ ნინიკაშვილი და დედა.

"საშინელი ამბავი მოხდა.. როგორ მენანები ვალერი....როგორ მენანება შენი ოჯახი......ეჰ"

"საშინელებაა ის, რაც დღეს ხდება ზაზა.. დიდი განსაცდელი გვაქვს იმერეთს. გული და სული გვტკივა ყველას... ცათა სასუფეველი ვალერი ექიმის მართალ და კეთილ სულს და მის ლამაზ ოჯახს"

"ჩემო ვალერი, ჩემო თეა, როგორ მენანებით... რა ლამაზი ოჯახი იყავით და როგორ მეამაყებოდით" - წერენ ოჯახის ახლობლები.

ნინიკაშვილის მეორე შვილი, რომელიც ამავე ავტომობილში იყოფებოდა, მძიმედ დაშავდა. ის თავდაპირველად "გორმედში" გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. ამ დროისთვის მოზარდი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს.

"გორმედის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი კლინიკაში პოლიტრავმით შეიყვანეს.

"კლინიკაში შემოყვანისას 9 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმე იყო, ფიქსირდებოდა მუცლის ღრუს დახურული ტრავმა ღვიძლისა და ელენთის დაზიანებით. ბავშვს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც მოხდა მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში. პაციენტის მდგომრეობა სტაბილურად მძიმეა", - განაცხადა მერაბ მაისურაძემ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და წესების დარღვევას გულისხმობს.