11 მარტს რუსი ოკუპანტების 10-კაციანმა ჯგუფმა უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის ახალგაზრდა მერი, ივან ფიოდოროვი გაიტაცა. 33 წლის ივანს დამპყრობლებმა თანამშრომლობა შესთავაზეს, რაზეც ის არ დათანხმდა, ამის შემდეგ კი, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და გაიტაცეს.
გატაცებიდან ერთი დღის შემდეგ, რუსებმა ქალაქში ახალი "მერი" დანიშნეს. "რია მელიტოპოლის" ცნობით, ის არის გალინა დანილჩენკო, საკრებულოს დეპუტატი "ოპოზიციური ბლოკიდან."
ახალმა "მერმა“ მოსახლეობას სატელევიზიო ეთერით მიმართა და განაცხადა, რომ ქალაქში სახალხო დეპუტატთა კომიტეტი იქმნება, რომელიც მელიტოპოლს უხელმძღვანელებს. მანვე მოსახლეობა გააფრთხილა და თქვა, რომ "ცუდ ქცევებზე მკაცრი რეაქცია ექნებათ.“
მერის გატაცება გააპროტესტეს ოკუპირებული ქალაქის მაცხოვრებლებმა. ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ ფიოდოროვის მხარდასაჭერად და რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ აქცია შიშველი ხელებით გამართეს.
ივან ფიოდოროვის გასათავისუფლებლად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დახმარება ისრაელის პრემიერ მინისტრს ნაფტალი ბენეტის სთხოვა.
"გავაგრძელე დიალოგი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ნაფტალი ბენეტთან. ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიები უნდა შეწყდეს: ვთხოვე დახმარება მელიტოპოლის დატყვევებული მერის და ადგილობრივი საზოგადო მოღვაწეების გათავისუფლებაში,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი "ტვიტერზე“. მანამდე ზელენსკიმ აღნიშნული საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, პოლონეთის პრეზიდენტთან ანჟეი დუდასთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთანაც განიხილა.
ცნობისთვის, 33 წლის ივან ფიოდოროვი, რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრის დღიდან იმ უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის იყო, რომლებსაც თავიანთი ხალხი არ მიუტოვებიათ, ის გამუდმებით მიმართავდა მოსახლეობას, მოუწოდებდა სიმშვიდისკენ, ცდილობდა მოცემულ სიტუაციაში შესაძლებლობიდან გამომდინარე, ქალაქში არ ყოფილიყო პანიკა.
ავრცელებდა ვიდეომიმართვებს სოციალური ქსელების საშუალებით, მუდმივად ჰქონდა კომუნიკაცია ადამიანებთან.
"დღეს, როგორც არასდროს, ისე უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და დავეხმაროთ სამხედრო და სამართალდამცავ უწყებებს თავიანთი საქმის კარგად შესრულებაში, ახლა მთავარია ერთიანობა, ხელისუფლების ყველა შტოსა და მოქალაქეების თანამშრომლობა“, - წერდა ის "ინსტაგრამზე ორი კვირის წინ.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბოლო პოსტით, ივან ფიოდოროვი მადლობას უხდის ყველა მეწარმეს, ბიზნესმენს, რომელმაც რთულ დროს თავისი წვლილი შეიტანა ადამიანების საკვებით, თუ სხვა პირველადი ნივთებით მომარაგების კუთხით.
"ვამაყობ ბიზნესის წარმომადგენლებით, რომლებმაც დახმარება გაუწიეს მოქალაქეებს, ერთად დავძლიოთ ყველაფერი", - ეს მელიტოპოლის მერის მიერ გატაცებამდე გამოქვეყნებული ბოლო სიტყვებია.