ავტორი:

დააკავეს პირი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული  ბარათების პინ-კოდებს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

დააკავეს პირი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული  ბარათების პინ-კოდებს - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1987 წელს დაბადებული შ. ს. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ შ.ს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს მყოფი აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინ-კოდებს. შემდეგ ბრალდებული, გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი ჩარიცხვის გვერდის გამოყენებით მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან თანხებს საკუთარ ონლაინ კაზინოს და ტოტალიზატორის ანგარიშებზე რიცხავდა, ფულს კი სპეციალური „ზერო“ ბარათის გამოყენებით ანაღდებდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შ.ს.-ს დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულ 14 მოქალაქეს 5 227 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა. გამოძიება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.