"საქართველოზე ვიზრუნოთ, რადგან თუ ჩვენც მოგვაკითხა ჟამმა, მზად ვიყოთ, აქ ერთმანეთი არ ვჭამოთ - ომი თუ იქნება, ვიბრძოლოთ, არ გავხდეთ მშიშრები, არ გავხდეთ ქალაჩუნები" - ასე დაასრულა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგება.
მან ქადაგებისას მსოფლიოში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიოს ბედი მიწაზე წყდება იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ძლიერები არიან, მისი თქმით, ეს არ წყდება "უკრაინა-რუსეთის ომში“.
მან მრევლს მიმართა, ამას "სწორად შეხედონ“.
"დღეს ძალიან დიდ განსაცდელშია მთლიანად მსოფლიო, არა მარტო უკრაინელი ერი, მაგრამ განსაკუთრებით დღეს, უკრაინა და უკრაინელი ერი არის დიდ განსაცდელში.
მინდა მართალი ვიყო თქვენ წინაშე და მინდა, რასაც ვიქრობ ის გითხრათ და არა ის ზოგადად, ტელევიზიებიდან ან პროპაგანდიდან გვეუბნებიან. თავისთავად ნებისმიერი ქრისტიანისთვის ომი მიუღებელია, მაგრამ არის ხოლმე ომი, რომელშიც ყველა წავა და ყველა თავს დადებს. უკრაინელმა ერმა ე.წ. გოლოდამორი გამოიარა, 10 თუ 12 მილიონი ადამიანი საბჭოთა კავშირის დროს, იმის გამო, რომ არ ემორჩილებოდნენ საბჭოთა წყობას შიმშილით დახოცეს, სპეციალურად შიმშილი გამოიწვიეს. ეს საბჭოთა ურჯულოების გამო იყო. შემდეგ იყო გერმანული ფაშიზმი და რა უქნეს უკრაინას, მაინც ვერ გატეხეს. დღეს არის ძალიან რთული რამ უკრაინელებისთვის. ხშირად იძახიან ხოლმე, რომ კაცობრიობის და მსოფლიოს ბედი უკრაინაში წყდება. რეალურად, თუ ავიღებთ, უკრაინა ძალიან იმიტომ ეტკინა მსოფლიოს, რომ უკრაინა ევროპაშია, თუ უკრაინაზე გადავიდა, შემდეგ უკვე ევროპაშიც ადვილად შევა ეს არეულობა. თუმცა, მანამდე ავღანეთში რამდენი წელია ომია და როგორ იბრძვის ავღანელი ადამიანი. ავღანელზე მეტად ვინმემ თავის სამშობლოსთვის ბოლო წლებში იომა? - საბჭოთა იმპერია იყო, ვერაფერი უყო, ცოტა ხნის წინ ნატოს ჯარებიც გამოვიდა იქიდან, მაინც შეინარჩუნეს. ამიტომ რა გასაკვირია, რომ უკრაინელი ადამიანი, როდესაც დაესხმებიან თავს და შედიან იარაღით და კლავენ მათ, გამოვიდეს და თავი დაიცვას. გასაკვირია ეს? - ხომ აუცილებლობაა. ჩვენთან რომ ვინმე შემოვიდეს, ჩვენ რა იარაღს დავყრით და მოდით დაგვხოცეთო, ვეტყვით? ხომ არ ვეტყვით. თორემ მანამდე ერაყშიც იყო ომი, სირიაში, ლიბიაში, აფრიკაშია, სხვადასხვა ქვეყანაში, სულ არის ეს ომები. ახლა მიიღო სახელი ჰიბრიდული ომის. სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა ტერიტორიებზე ებრძვიან ერთმანეთს. მინდა გითხრათ, ეს არა მარტო ჩემი აზრია, ყველა ჭკვიანი ადამიანი მსოფლიოში, თუნდაც იმ ქვეყნებში, ვისთანაც პროპაგანდაა, ამბობენ, რომ მსოფლიოს ბედი, ჩვენთვის ქრისტიანებისთვის, ზეცაში წყდება, მაგრამ მიწაზე წყდება იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ძლიერები არიან. ეს არ წყდება ვთქვათ უკრაინა-რუსეთის ომში. ეს წყდება რუსეთსა და იმ სახელმწფოებს შორის, რომლებიც ჰეგემონები არიან დღეს მსოფლიოში. ამიტომ ჩვენ სწორად უნდა შევხედოთ ამას. ღმერთს უნდა ვთხოვოთ, რომ რაც შეიძლება დროზე შეთანხმდნენ ისეთ რამეზე, რომ ამდენი სიკვდილიანობა აღარ იყოს“, - განაცხადა მეუფემ.
მეუფე იაკობის თქმით, უფალს შესთხოვს, რომ თუ შესაძლებელია ომები მორჩეს.
"მაგრამ ვიცით, რომ მეორედ მოსვლის წინაც იქნება დიდი ომიანობა, მთავარია არ შევშინდეთ, სიმართლის მხარეს, ღირსების მხარეს დავდგეთ ყოველთვის. თავი არ მოვიტყუოთ ხოლმე და არავის პროპაგანდის ქვეშ არ მოვყვეთ“, - განაცხადა მან.
ამასთან, მან მრევლს მოუწოდა "იზრუნონ საქართველოზე“.
"როდესაც ასეთი რთული პერიოდია, საქართველოზე ვიზრუნოთ, რადგან თუ ჩვენც მოგვაკითხა რაღაც ჟამმა, მზად ვიყოთ, აქ ერთმანეთი არ ვჭამოთ. საქართველო ვისაც არ უყვარს, მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა ვერ ეყვარება“, - აღნიშნა მან და დასძინა: "ომი თუ იქნება, ჩვენც კაცები, უფროსები ვინც ვართ, ვიბრძოლოთ, რომ ახალგაზრდა თაობას კარგი საქართველო დავუტოვოთ, არ გავხდეთ მშიშრები რა, არ გავხდეთ ქალაჩუნები“.