ავტორი:

"ნატო-მ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორების ყველა ვარიანტი, მათ შორის ლიკვიდაცია, უნდა განიხილოს - ის მუდმივ და სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს" - ბრიტანელი პოლკოვნიკი

"ნატო-მ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორების ყველა ვარიანტი, მათ შორის ლიკვიდაცია, უნდა განიხილოს - ის მუდმივ და სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს" - ბრიტანელი პოლკოვნიკი

ბრიტანელი პოლკოვნიკის, ავღანეთში ბრიტანული ჯარების ყოფილი მეთაურის, რიჩარდ კემპის განცხადებით, ნატო-მ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორების ყველა ვარიანტი, მათ შორის ლიკვიდაცია, უნდა განიხილოს.

"ნატო-მ უნდა განიხილოს ყველა ვარიანტი მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით, ეს მოიცავს მის ლიკვიდაციასაც,“ - განაცხადა ბრიტანელმა პოლკოვნიკმა გამოცემა mirror-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ომის დანაშაულისთვის ბრალი უნდა წარუდგინონ.

"საუკეთესო იქნება პუტინის გადაყენება, დაპატიმრება და გასამართლება რუსეთში ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ოდესმე მოხდეს”, - აღნიშნა კემპმა.

არმიის გადამდგარი ოფიცრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა შეიძლება მიუღებელი იყოს ბევრი ადამიანისთვის, ის, ასევე, შეიძლება იყოს ომის დასრულების და მომავალი კონფლიქტების თავიდან აცილების ერთადერთი გზა.

"თუ საქმე მკვლელობას ეხება, ეს შეიძლება ბევრისთვის არასასიამოვნო იყოს, მაგრამ მის სიცოცხლეს არ აქვს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, რომელიც მან უკვე მოკლა უკრაინაში და სხვა ადგილებში და შეიძლება მოკლას მომავალში“, - განაცხადა რიჩარდ კემპმა.

მისი თქმით, ოსამა ბინ ლადენი, "ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური აბუ ბაქრ ალ ბაღდადი და ირანის რევოლუციური გვარდიის სარდალი ყასემ სულეიმანი იმის გამო მოკლეს, რომ მათგან მომავალ საფრთხეებს დაპირისპირებოდნენ და პუტინი "მუდმივ და სასიკვდილო“ საფრთხეს წარმოადგენს.