"ამ ვითარებაში, ჩვენ გვმართებს ეროვნული კონსოლიდაცია, შიდა პოლიტიკური კინკლაობის გვერდზე გადადება იმისთვის, რომ არ დავუშვათ ომი, მაგრამ თუ ვინმე თავს დაგვესხმება, საკადრისი პასუხისთვის ვიყოთ მზად" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" ერთ- ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს პარლამენტის სხდომაზე, პრეზიდენტისგან არსებული მდგომარეობის ანალიზს ელის, თუ როგორ გაძლიერდეს სახელმწიფო და აცილებული იქნას საფრთხეები.
"როცა სახელმწიფოს მეთაური მოდის პარლამენტში, ცხადია, მისგან ველით პირუთვნელ ანალიზს იმის თაობაზე, თუ როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფო, როგორ ავარიდოთ ის ხიფათები, რაც ელის, როგორ მოვიპოვოთ უპირატესი მდგომარეობა იმ ურთულეს ვითარებაში. მე მექნება საშუალება, "ლელოს" სახელით მივმართო პრეზიდენტსაც და პარლამენტსაც. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გავიმეორებ, ქვეყნის ამოცანაა, არ ჩავერთოთ ომში, არ ავყვეთ პროვოკაციებს და ქვეყნის ამოცანაა ამასობაში, რომ ვიყოთ მზად შესაძლო თავდასხმისთვის, ვინაიდან ეს თავდასხმა არ არის ეფემერული, 2008 წელს ჩვენ უკვე განვიცადეთ ეს ტრაგედია და ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში. ამიტომ, ამ ვითარებაში, ჩვენ გვმართებს ეროვნული კონსოლიდაცია, შიდა პოლიტიკური კინკლაობის გვერდზე გადადება იმისთვის, რომ არ დავუშვათ ომი, მაგრამ თუ ვინმე თავს დაგვესხმება, საკადრისი პასუხისთვის ვიყოთ მზად", - განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, უსუფაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს აქტიური პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე.
"ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო იყოს ჩართული საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მცდელობაში, რომ არამარტო უკრაინაში დაამარცხოს პუტინი, არამედ შექმნას ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც აღარ დაუშვებს მსგავს აგრესიას. ამისათვის საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალიან აქტიური პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რასაც "ლელო" 2 წელია საუბრობს, "მარშალის გეგმა" საქართველოს სწრაფი ეკონომიკური აღმავლობისთვის. ამ გეგმაზე საუბარი დღეს უკვე დაიწყო დასავლეთმა უკრაინასთან მიმართებით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამოვიყენოთ ეს მომენტი ჩვენი დამსახურებითაც, ჩვენ ვინმეს არ მივყვებით კუდში, ჩვენ დავიმსახურეთ ჩვენი ბრძოლით, მსხვერპლით, რომ ვიყოთ ევროინტეგრაციის ავანგარდში,"- განაცხადა უსუფაშვილმა.