საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე პარლამენტშია. პრეზიდენტი სასესიო დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა.
პრეზიდენტმა პარლამენტარებს უკრაინისადმი სოლიდრობის ნიშნად ფეხზე წამოდგომა სთხოვა, რის შემდეგაც სასესიო დარბაზში უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი გაისმა.
სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით მიმართავს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოდგენილი არიან დეპუტატები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან, ასევე პლენარულ სხდომას ესწრებიან მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. პარლმენტში იმყოფება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას დაესწრებიან სასულიერო პირებიც.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, პარლამენტის ტრიბუნას ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები დაიკავებენ. სულ შვიდი გამომსვლელი იქნება, რომელთა სიტყვით მიმართვისთვის 10-10 წუთი განისაზღვრა.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამის შემდეგ პლენარული სხდომა დაიხურება.
პრეზიდენტის გამოსვლის დღეს პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა დაუშვებელია.