საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სასესიო დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შესვლამ "უხერხულობა“ შექმნა.
აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პრეზიდენტის მოხსენების დროს, სასესიო დარბაზის ე.წ. გალიორკაზე არიან განთავსებულნი.
მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, სხდომათა დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შესულიყო, პლენარული სხდომის დაწყებისას განცხადება გააკეთა.
"გარკვეული უხერხულობა შეიქმნა მისიის წარმომადგენელთან დაკავშირებით, რომელთანაც უკაცრავად. მინდა მას, ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, პატივისცემა დავუფიქსირო და გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ, პირველ რიგში, სოლიდარობა, პატივისცემა, მაგრამ როდესაც ინსტიტუტის პატივისცემას ვერ ვხედავთ, ეს არის ძალიან ცუდი. პირველი შემთხვევა იყო რიგგარეშე სხდომის მოწვევის მცდელობა, მეორე კი როცა უხერხული მდგომარეობა შეიქმნა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რაც ვიხილეთ. მგონია, რომ მსგავსი პრეცედენტები აღნიშვნას საჭიროებს, რომ არ შეიქმნას მომავალში ასეთი ფაქტების ტენდენცია. ამიტომ იმ უხერხულობისთვის, რომელიც ახლა შეიქმნა, უკაცრავად მისიის წარმომადგენელთან და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მას და მის ხალხს სოლიდარობასა და პატივისცემას“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის მსგავსად საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას შექმნილ უხერხულობებზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა.
"დაგეთანხმებით, საქართველოს პარლამენტი მუშაობას საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს რეგლამენტის საფუძველზე და მნიშვნელოვანია ფორმებისა და წესების დაცვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სასესიო დარბაზში უკრაინის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა.