ავტორი:

"ჩვენ, ყველას, ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით" - დავით უსუფაშვილი

"ჩვენ, ყველას, ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით" - დავით უსუფაშვილი

პატივცემულო კოლეგებო, მოგესალმებით და სიმხნევეს გისურვებთ, ვინაიდან ჩვენ, ყველას, ქალბატონმა სალომემ მჭლე სამიანი დაგვიწერა, მაგრამ მოდი, რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ამას ვიმსახურებდით,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ პოლიტიკური ჯგუფის სახელით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უსუფაშვილი პრეზიდენტის გამოსვლას „ადეკვატურსა და სახელმწიფოს მეთაურისებრს“ უწოდებს. მისი თქმით, პოლიტიკურ მხარეებს შუამავალი სჭირდებათ, რის გამოც სალომე ზურაბიშვილს მიმართავს თხოვნით, „გააგრძელოს მცდელობა, რათა პოლიტიკური ძალები შეიკრიბონ ხოლმე და სირცხვილი აღარ ჭამონ“.

„გამოსავალი გვაჩვენა და თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, მგონი, შევძლებთ, ჩვენი როლი და დანიშნულება შევასრულოთ ამ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ქვეყანაა. პარლამენტში პრეზიდენტის ძალიან ბევრი მოხსენება მომისმენია. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მოხსენება იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ადეკვატური და სახელმწიფოს მეთაურისებრი - ანუ მცდელობა იმისა, რომ ყველამ ერთად რაც შეიძლება კომპლექსურად დავინახოთ პრობლემები, რომელიც გვაქვს და დავინახოთ გამოსავალიც. არ მგონია, რომ ვინმეს მხრიდან შეხსენება გვჭირდებოდა, რომ ასეთ საგანგებო ვითარებაში, ოკუპაციის და ომის საფრთხის პირობებში ყველა ქვეყანას ერთიანობა მართებს და არა ის, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც დაგვემართა. ეს დიდი პრობლემის ნაწილია. საქმე იმაში არ არის, რომ მარჯვნივ კარგი ხალხია და მარცხნივ - ცუდი, ან პირიქით, საქმე ისაა, რომ კვლავ ვაგრძელებთ ცხოვრებას არასახელმწიფოებრივ სივრცეში; საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ ვერ დავამკვიდრეთ ის, რის მეთაურიც გვესტუმრა დღეს პარლამენტში - სახელმწიფო, რომელიც მოქმედებს ინსტიტუტებით, რომელშიც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, მისი პრეზიდენტი უცხოეთში მიემგზავრებოდეს და არათუ ნებართვას არ აძლევდეს ვინმე, არამედ პრემიერი და პრეზიდენტი რამდენიმე საათს არ მუშაობდნენ ერთად, რათა საერთო საქმე გააძლიერონ. დაუშვებელია, რომ პარასკევს ვერ მოვახერხეთ აქ ერთად შეკრება იმის სათქმელად, რაც სამშაბათს ცალმხრივად გაკეთდა ამავე დარბაზში, ამავდროულად ხელიდან გაგვექცა სადავეები და უკრაინის, ომის და უსაფრთხოების თემა ჩადგა ჩვეულებრივ რიგში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების და იწილო-ბიწილოსი. ამით საკუთარ ქვეყანას ვაზიანებთ. ჩვენ სახელმწიფო ვერ დავამკვიდრეთ და ეს მხოლოდ ბოლო 10 წელში არ მომხდარა, არც იმის წინა 9 წელში ან იმის წინა 8 წელში. ეს უნდა გავიაზროთ, რომ სისტემური ცვლილებაა საჭირო. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივ მოვლენა იქნება, რომ პრემიერს არ ეცლება პარლამენტში მოსასვლელად; უმრავლესობა ჩაკეტავს დარბაზში შემოსასვლელ კარებს; ჩვეულებრივი მოვლენა იქნება, რომ ოპოზიცია პარლამენტში მუხლჩაუხრელი მუშაობის ნაცვლად მთელი წელი ხან შემოსვლის, ხან არშემოსვლის, ხან არგასვლის გამართლებაში იქნება და პარლამენტი ინსტიტუციურად ვერ შედგება. ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა ის, რომ მრავალპარტიულობის დამკვიდრების ნაცვლად, ჩვენთან იმართება მრავალი პარტიის შეჯიბრი ერთპარტიული ძალაუფლების მოსაპოვებლად და მისი ხელიდან არგასაშვებად.

სისტემაა შესაცვლელი და ქალბატონი პრეზიდენტის მოხსენებაში ამ დამატებას შევიტანდი, რომ სისტემურ ცვლილებას სისტემური მიდგომა სჭირდება და მტრობა და შური, რომელიც ქვეყანას ანგრევს და ხიფათებს ზრდის, ერთ დღეში არ წარმოშობილა. ერთ კონკრეტულ საკითხში ერთ სამიანს მეც დავუწერდი ქალბატონ პრეზიდენტს - სხვა თემებზე არ ვისაუბრებდი, რადგან მტრობამ, შუღლმა, ურთიერთგაუტანლობამ, შავმა პიარმა ისტორიულ მაქსიმუმს სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიაღწია. ასეთი ამბები შემდეგ აღარ იკარგება, საზოგადოებაში ილექება, ამიტომ გავუფრთხილდეთ ყოველ სიტყვას, ყოველ ქმედებას, როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყანას ემუქრება არა მხოლოდ უზარმაზარი საფრთხეები, არამედ გაუჩნდა უზარმაზარი შანსებიც“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.