საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს საგარეო ურთიერთობებში თავის უფლებამოსილებას, ის თავად ამბობს, რომ მიუხედავად მთავრობის წერილობითი დაუთანხმებლობისა, წავიდა და თვითნებურად ჩაატარა გარკვეული მოქმედებები, ეს არის კონსტიტუციის პირდაპირი დარღვევა, - ასე აფასებს ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, მთავრობის მხრიდან საერთაშორისო ვიზიტებზე უარი ეთქვა, თუმცა "საჭიროდ მიიჩნია სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა“.
რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას დადგება თუ არა მმართველი გუნდის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული განცხადების შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, მდინარაძის განმარტებით, არ ჰგონია, რომ ამ ვითარებაში მსგავს საკითხებზე ვინმემ იმსჯელოს, თუმცა ხაზგასასმელია პრეზიდენტის ჟესტი, რაც საპარლამენტო ინსტიტუტის უპატივცემულობაა.
"აღმოჩნდა, რომ მას კონსტიტუცია აქვს დარღვეული, რაც არის ძალიან ცუდი ფაქტი, რაც შეეხება იმპიჩმენტს, მგონია, რომ ეს საკითხი არ დადგება ჩვენი მხრიდან. არ მგონია ამ კონკრეტული საკითხის გამო, ამ ვითარებაში მსგავს საკითხებზე ვინმემ იმსჯელოს, თუმცა ხაზგასასმელია, მისი ჟესტი. იქნებ შეთანხმების შემთხვევაში სხვანაირად ხდებოდა? წინასწარ შეუტყობინებლად, პარლამენტისაგან დამოუკიდებლად რაღაცების კეთება, ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა. როგორც ჩანს, იყო გარკვეული დისკომუნიკაცია, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი რგოლი, რომელიც საგარეო მიმართულებით არის პასუხისმგებელი. რადგან ეს რგოლი არ იყო საქმის კურსში და არ ჰქონდა ეს საკითხები გავლილი მთავრობასთან, შესაძლებელია ამ დაჩქარებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია უარი. თუ პრეზიდენტს გარკვეული აქტივობის განსახორციელებლად სჭირდება მთავრობის თანხმობა და ამ თანხმობასთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრობლემები, ამას არ შეიძლება ეწოდოს დაბლოკვა, ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. კონსტიტუციის დარღვევაზე მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
იხილეთ ასევე: