უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას ინფორმაციით, რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარის თქმის მიმართულებით ყველაზე რთული ქვეყანა გერმანიაა. ამის შესახებ მან ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და კანადა უკვე უარს ამბობენ რუსულ ნავთობსა და ნახშირზე.
"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა რუსულ ენერგომატარებლებზე უარი თქვან ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. აქ ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა გერმანიის სახით გვაქვს, რომლისთვისაც მსგავსი უარის თქმა არის უკიდურესად რთლი გადაწყვეტილება, მაგრამ მასთანაც ვაწარმოებთ მუშაობას და გვჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენს ხმას გაიგებენ“, - განაცხადა კულებამ.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოიძებნება ისეთი გადაწყვეტა, რომელიც დააბალანსებს გერმანიის მოთხოვნებს და ამავდროულად, შეუზღუდავს რუსეთს ფულის შოვნის პერსპექტივას ევროპაში გაზისა და ნავთობის მიწოდების გზით.
კულებამ ამასთანავე აღნიშნა, რომ რუსული ნავთობი და გაზი უკრაინული სისხლით არის გაჟღენთილი.
"თითოეული დოლარი გადახდილი რუსეთის ენერგომატარებლებისთვის, არის გადახდილი დოლარი რუსეთის საბრძოლო მანქანისთვის, რომელიც ჩადის ომის დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და რომელმაც გაანადგურა ევროპის უსაფრთხოება.
ჩვენ, ასევე, დაჟინებით მოვითხოვთ რუსული გემებისთვის მსოფლიო პორტების დახურვას, რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილი ტვირთების გადამუშავებაზე უარის თქმას, SWIFT-დან რუსული ბანკების უპირველეს ყოვლისა "სბერბანკის“ გათიშვას,“- განაცხადა კულებამ.