პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია იმ ქართველებს შორისაა, რომლებიც უკრაინა პოლონეთის საზღვართან არიან და უკრაინიდან პოლონეთში გადასულ დევნილებს ეხმარებიან. მოხალისედ მუშაობს ასევე სოფო ჭყონიაც.
ხოშტარია სოციალურ ქსელში სხვადასხვა ისტორიას აქვეყნებს. მის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ამბავი კი განსაკუთრებით სევდიანია:
"სადგურზე, სადაც ლვოვიდან მატარებელი ჩამოდის და ხალხის დიდი ნაკადია, მოწყობილია დახმარების ცენტრი. იქვე სადგურში ჩამოსულებს ახვედრებენ საჭმელს, სიმკარტებს, შინაური ცხოველებისთვის საჭირო ნივთებს, ჰიგიენის საგნებს…
იქვე ხდება ხალხის გადანაწილება სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში. უამრავი ხალხი ირევა, უამრავი საჭიროებაა. დედები მძიმე ჩანთებით და ბავშვის ეტლებით, დაღლილი მოხუცები, ეძებენ ინფორმაციას, ცდილობენ დაკვალიანებას.
ხოდა სადაც არ გაიხედავთ ყველა ადამიანის სახეზე დაინახავთ ისტორიას: დაღლილობა, დარდი, შემართება, გადარჩენის ინსტინქტი, ბევრი რამე.
ხოდა ამ ბევრ ისტორიაში სოფო ჭყონიამ შეამჩნია ეს ბავშვი, რომელიც საორგანიზაციო ოთახთან ცოტა მორიდებით და თან ინტერესით ტრიალებდა. ვაკვირდებოდით ამ ბავშვს და უცებ დავინახეთ წავიდა აიღო მოხალისის ჟილეტი და გაემართა ხალხის დასახმარებლად.
აქ არის სიკეთე და სიმართლე, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს", - წერს ელენე ხოშტარია.