"არანაკლებ გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ" - ამის შესახებ ნათქვამია "ქართული ოცნების“ განცხადებაში.
როგორც "ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, პირველ რიგში, პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი როგორც კი ხდება მინისტრი, პოლიტიკის ელემენტარული კანონების თანახმად, ის აღარ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ხდება მმართველი კოალიციის წარმომადგენელი.
"საზოგადოების ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმაზე, თუ როგორია ეს ოპოზიცია, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს. გაუგებარია, როგორ ასაბუთებს პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე ოპოზიციონერის დანიშვნის მიზანშეწონილობას, როცა გუშინ თავადვე აღნიშნა დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტი, რომ ოპოზიცია "დადის და (სახელმწიფოს) ძირს უთხრის“. რა სარგებელი უნდა ჰქონდეს ძირგამომთხრელის დანიშვნას ევროინტეგრაციის მინისტრად, საზოგადოებას თავადაც შეუძლია განსაჯოს. გარდა ამისა, პრეზიდენტის ეს განცხადება აშკარად ემსახურებოდა საზოგადოებაში ჭარბი მოლოდინის გაჩენას ევროინტეგრაციის ტემპებთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსების - ბორელის, მაკრონის, შოლცის და სხვების სიტყვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, სამწუხაროდ, არცთუ მოკლე გზა აქვს გასავლელი. გასატარებელია არაერთი რეფორმა, რასაც არაერთი წელი დასჭირდება. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებას დღემდე ძალისხმევა არ დაუკლია და არც მომავალში დააკლებს. ამ პირობებში, გაუგებარია, რა საჭიროა ღია კარის მტვრევა, რაც რადიკალური ოპოზიციის ცნობილი ხელწერაა. როგორც გავარკვიეთ, ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციონერის დანიშვნა იყო პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის ძირითადი სათქმელი, რაც, თავისთავად, მრავლისმთქმელია“, - ნათქვამია "ქართული ოცნების“ განცხადებაში.
იხილეთ ასევე: