ავტორი:

"ასეთი სქემაა - ადამიანი სადღაც მიჰყავთ, სკამზე სვამენ და ეუბნებიან - აღიარებ და ითანამშრომლებ - მიიღებ შინაპატიმრობას... არ აღიარებ - მიიღებ 15-წლიან სასჯელს" - მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატი

"ასეთი სქემაა - ადამიანი სადღაც მიჰყავთ, სკამზე სვამენ და ეუბნებიან - აღიარებ და ითანამშრომლებ - მიიღებ შინაპატიმრობას... არ აღიარებ -  მიიღებ 15-წლიან სასჯელს" -  მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატი

"ოვსიანიკოვას მიმართ წინასაგამოძიებო შემოწმება მიმდინარეობს" - ამის შესახებ რუსეთის "პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას ადვოკატი დანიილ ბერმანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მან აღნიშნა, ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროსგან არ დასტურდება. ბერმანი ასევე აცხადებს, რომ მას მარინა ოვსიანიკოვასთან კავშირზე გასვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ აქვს.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მასსა და მოსკოვის ადვოკატთა პალატის წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც ის მოითხოვდა, რომ ოვსიანიკოვასთვის სახელმწიფოს მხრიდან დანიშნული ადვოკატი არ გამოეყოთ, რაზეც შეუსაბამო პასუხი მიიღო.

"როგორც დილით დავწერე, მარინა ოვსიანიკოვას მიმართ წინასაგამოძიებო შემოწმება მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. დილით სასწრაფო წესით დავრეკე მოსკოვის ადვოკატთა პალატაში, რათა მათ დაეფიქსირებინათ, რომ ადვოკატი შეთანხმებულია და მათ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ადვოკატზე მოთხოვნა არ გაეგზავნათ. ამის თაობაზე დაახლოებით ასეთი დიალოგი შედგა ჩემსა და უცნობ ქალს შორის.

- (მე) შუადღე მშვიდობისა, ადვოკატი ვარ. გთხოვთ, დააფიქსიროთ, რომ მოქალაქეს ჰყავს შეთანხმებული ადვოკატი და დანიშნული ადვოკატი აღარ გამოაგზავნონ!

- (ის) რატომ? ეს თქვენ უნდა შეატყობინოთ გამომძიებელს!

- (მე) გამომძიებელი არ გვიშვებს და არც შეგვიშვებს განყოფილებაში, შემდეგ კი დააჭერს ღილაკს და ადგილზე მივა დანიშნული ადვოკატი!

- (ის) არა, ეს ინფორმაცია უნდა შეატყობინოთ გამომძიებელს და დანიშნული ადვოკატი აღარ შევა საქმეში - მას სტატუსს ჩამოართმევენ!

- (მე) დანიშნული ადვოკატისთვის სულერთია! ის გამომძიებლის მოთხოვნაზე გამოჩნდება და მორჩება.

- (ის) რას ამბობთ? ნუ იფიქრებთ ასე ცუდად დანიშნულ ადვოკატებზე...

შემდეგ ყურმილი გავთიშე... სირცხვილია!“, - წერს დანიილ ბერმანი.

დაკავებული რედაქტორის ადვოკატი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.

"საგამოძიებო კომიტეტში ვიმყოფები, არსებობს ინფორმაცია, რომ მარინა რომელიღაც რაიონულ განყოფილებაში ჰყავთ" - წერს ბერმანი.

ადვოკატის თქმით, რუსეთში მოქმედებს სქემა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული ადვოკატის გარეშე მიჰყავთ დაკითხვაზე და აშანტაჟებენ.

"მოვედი საგამოძიებო კომიტეტში. დიდად აქაც ვერაფერს გაარკვევ. არსებობს ინფორმაცია, რომ ის შეიძლება წაეყვანათ რომელიმე რაიონულ განყოფილებაში. გამოდის, რომ მარინა შეიძლება იყოს ნებისმიერ ადგილას - წადი და ეძებე.

ასეთი სქემაა - ადამიანი სადღაც მიჰყავთ, ადვოკატის გარეშე სკამზე სვამენ და ეუბნებიან - აღიარებ და ითანამშრომლებ - მიიღებ შინაპატიმრობას და პირობით სასჯელს. არ აღიარებ - აღმოჩნდები ციხეში და მიიღებ 15-წლიან სასჯელს.

ადამიანი, რომელსაც სამართლის დარგის ცოდნა და ადვოკატის გამოყენების პრაქტიკა არ აქვს, სავსებით შესაძლებელია, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობა და აღიარება აირჩიოს. ასეთ სიტუაციაში ვინმეს გამტყუნება შეიძლება? სასწორზე ხომ არა 15 დღე, არამედ 15 წელი დევს.

სხვათა შორის, "ნაცისტურ“ უკრაინაში, სწორედ იქ, სადაც "ბანდეროველები“ არიან, არის ასეთი "მკაცრად ფაშისტური“ რამ - სისხლის სამართლის საქმეთა საჯარო რეესტრი. თუ საქმე აღიძრა, ამის შესახებ ინფორმაცია რეესტრში იწერება და არ არის საჭირო მთელ ქალაქში ენაგადმოგდებულმა ირბინო და ეძებო, რომელ გამომძიებელს უნდა ჰქონდეს ორდერი. მის შესახებ ინფორმაცია ყველასათვის ღიაა.

ოვსიანიკოვას მაგალითზე აშკარად ჩანს რუსეთში ყველა სისხლისსამართლებრივი დევნის პროცედურათა ხვრელი და არალეგალური ბუნება“, - წერს ბერმანი.

შეგახსენებთ, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთის "პირველ არხის“ გადაცემა "ვრემიას“ პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო ბანერით ხელში გამოჩნდა, რითაც უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედებები და "პირველი არხის“ კრემლისტური პროპაგანდა გააკრიტიკა, რის გამოც ის ადგილზევე დააკავეს.