ავტორი:

"მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ისევ მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული" - მამა შვილის გადასარჩენად იბრძვის

"მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ისევ მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული" - მამა შვილის გადასარჩენად იბრძვის

"მინდა, ბოდიში ვუთხრა საზოგადოებას იმისთვის, რომ ასეთ რთულ დროს მათი შეწუხება მიწევს, როცა ქვეყანაში ამდენი ლტოლვილი და გაჭირვებული ადამიანია. მესმის, რომ ყველას დახმარება უნდა, მაგრამ ჩემი შვილის ჯანმრთელობა ამას მაიძულებს, რომ ადამიანებს თანადგომას ვთხოვ იმისთვის, რომ მიშველონ და შვილი გადამირჩინონ", - ასე მოგვმართავს შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძე და შშმ შვილის ჯანმრთელობისთვის დახმარებას ითხოვს.

"როგორც ცოტა ხნის წინ გითხარით, თურქეთის კლინიკებმა უარი გვითხრეს მკურნალობაზე. ამიტომ განვაგრძობთ მკურნალობას ისე, როგორც აქამდე - უფლის წყალობითა და ხალხის შემწეობით,“ - აღნიშნავს ბატონი გოგიტა და ჩვენთან საუბარს განაგრძობს:

- იმედი გვქონდა, რომ თურქეთში ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა... მქონდა მიმოწერა ანკარის ნეიროქირურგიულ კლინიკასთან და ასევე სტამბოლის "აჯიბადენის“ ცნობილ კლინიკასთან. იქ გამოკვლევებზეც მყავდა. იმ კვლევების შემდეგ დღის წესრიგში ოპერაცია დადგა. გარანტია კი ვერ მოგვცეს, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნდებოდა. მშობლებისთვის იმის მოსმენა, რომ შესაძლოა, ოპერაცია ფატალურად დასრულდეს, დამეთანხმებით, უმძიმესია. ვფიქრობდი, რომ კისტის დაშლა მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად მოხდებოდა. მას კისტა თავში აქვს (და ასევე არაერთი კისტოზური წარმონაქმნი). მოკლედ, იმის გამო, რომ გარანტია ვერ მოგვცეს, ოპერაციაზე უარი ვთქვით, რადგანაც სულ 5 ოპერაცია და 6 სერიოზული გამოკვლევა აქვს ჩატარებული - თან, ეს ყველაფერი ნარკოზით, მეთორმეტედ ნარკოზის მიღება მისთვის დაუშვებელია...

გერმანიისა და ისრაელის კლინიკების ფასები ჩვენთვის მიუწვდომელია. წარმოუდგენლად ძვირია, რომ იქ ჩასვლა მოვახერხოთ. მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ახლა იძულებულები ვართ, როგორც გითხარით, რა მკურნალობასაც ვუტარებდით, ისევ ის კურსი გავაგრძელოთ.

- ამჟამად როგორ არის?

- უცებ რა პრობლემა წამოყოფს თავს, არ ვიცით. მაგალითად, გასულ კვირას პირიდან სისხლდენა დაეწყო, გამოკვლევაზე წავიყვანეთ... კრუნჩხვებში რომ ვარდება, იმ დროს შესაძლოა, სისხლძარღვები ან რაიმე სხვა ორგანო დაუზიანდეს...

კვლევებიდან ამ ადამიანებისთვის ბევრი რამ უფასო არ არის... კისტის დაშლა რომ მოხერხებულიყო, ბევრად შეუმსუბუქდებოდა ზოგადად მდგომარეობა. ახლა, როგორც გითხარით, უფალზე ვართ მინდობილი და იმ ხალხზე, რომლებიც ამდენი წელია, გვერდში გვიდგანან.

ჯაბა 29 წლის არის და ხნის ამ განმავლობაში ბევრი ადამიანი დაგვეხმარა. მადლობა, რომ ჩვენი მდგომარეობა გულთან ახლოს მიაქვთ...

მის წამლებს, პრეპარატებს შესაბამისი თანხები სჭირდება. ამასთანავე, ჯაბას ყოველდღიურად სჭირდება პამპერსი, განსხვავებული, მაღალკალორიული კვება. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ისევ მათ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

მინდა, ამ იმედით ვიყო და ჯაბამაც ამ იმედით იცოცხლოს. მაისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით ეკლესია-მონასტრებში მოსალოცად დავდივართ. ვლოცულობთ, როგორც ჯაბას ჯანმრთელობისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც ყურადღებას არ გვაკლებს. ვლოცულობთ ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ერთიანობისთვის და იმისთვის, რომ ასეთმა კეთილმა და გულისხმიერმა ხალხმა იმრავლოს.

საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" -ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607

თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007

თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე. ანგარიში: GE57TB7080645064300028

ლიბერთი ბანკი.

ბანკის კოდი: LBRTGE22

მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000