"ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა. მთავარ კუდიანად გამოცხადებული გყავთ სალომე ზურაბიშვილი. პატარ-პატარა კუდიანები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები“,- ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე მმართველ გუნდს.
როგორც გოცირიძე განმარტავს, მმართველმა გუნდმა პოლიტსაბჭოს განცხადებით რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სალომე ზურაბიშვილის გზავნილები არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას.
"როგორც ხედავთ, "ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა. მთავარ კუდიანად გამოცხადებული გყავთ სალომე ზურაბიშვილი. პატარ-პატარა კუდიანები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც, თურმე ქვეყანაში შექმნეს შაქრის დეფიციტი და ეწევიან ეკონომიკურ საბოტაჟს.
არ გრცხვენიათ?! რა განცხადება გააკეთეთ დღეს პოლიტსაბჭოზე?! ვინ არის თქვენი განცხადების ადრესატი?! საქართველოს მოსახლეობა?! ნურას უკაცრავად, დღეს თქვენ რუსეთის ხელისუფლებას მიმართეთ.
თქვენ უთხარით, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ევროპაში ჩავიდა და განცხადებები გააკეთა, არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. პოლიტსაბჭოს განცხადების მთავარი შინაარსია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიპარა, თურმე საქართველოს მთავრობა ბლოკავდა: თვითმფრინავი არ მისცეს, ფული არ მისცეს, საკუთარი ხელფასით აიღო ბილეთი, ეს არის მისი როგორც კერძო მოქალაქის აზრი, ბოდიში, გვაპატიეთ, რომ მან უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებები გააკეთა “,- აღნიშნავს გოცირიძე.