ავტორი:

"ზურაბიშვილის გადაყენებას "ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს“ - რას ამბობს ვახტანგ ხმალაძე მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავაზე

"ზურაბიშვილის გადაყენებას "ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს“ -  რას ამბობს ვახტანგ ხმალაძე მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავაზე

თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა ამის უფლება, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ჩემი აზრით, ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის თაობაზე.

როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო ასე არ უნდა მოიქცეს.

"თუ სასამართლომ მაინც მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, მაშინ იმასაც დაადგენს, რომ პრეზიდენტმა თავისი მოქმედებით დაარღვია კონსტიტუცია და ასეთ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას“ შეეძლება დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. არა მგონია, რომ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში "ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცედურა დაასრულოს, ანუ პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენოს, რადგან ამას სჭირდება პარლამენტში 2/3-იანი უმრავლესობა, ესე იგი ოპოზიციის არც თუ მცირე ნაწილმა უნდა დაუჭიროს მხარი მათ ამ გადაწყვეტილებას. ზურაბიშვილის გადაყენებას "ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს“, - აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე დავა ყოველთვის შეიძლება წარმოიქმნას, თუმცა, რამდენადაც ახსოვს, საქართველოში ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.

"როგორც ჩანს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, რომ კომპეტენციის თაობაზე მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. რასაკვირველია, ეს შესაძლებელია იყოს და ასეთ შემთხვევებში სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ესა თუ ის მოქმედება სახელმწიფო ორგანოსი რომელი უწყების კომპეტენციაშია. ამაში არაფერი უცნაური არ არის, რადგან კანონების ფორმულირება ყოველთვის არ არის იმდენად ცალსახა და ყოველთვის არ ჩანს ნათლად, თუ რაღაც კონკრეტულ საკითხს რომელი უწყება უნდა წყვეტდეს. ამაში არც არაფერი იქნებოდა საგანგაშო, რომ არა ის პოლიტიკური ვითარება, რომელშიც ახლა ეს განცხადება გაკეთდა. სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მე გამიჭირდება ამის თქმა, თუმცა მიმაჩნია, რომ სასამართლომ უნდა თქვას ის, რაც კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მთავრობის თანხმობის გარეშე. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კი ნიშნავს პრეზიდენტის ნებისმიერ მოქმედებას, განცხადებას ან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. კონსტიტუცია მთავრობის თანხმობის გარეშე არ აძლევს ამის უფლება პრეზიდენტს, როცა ის გამოდის და ამბობს ან მოქმედებს საქართველოს სახელმწიფოს სახელით - წარმომადგენლობითი უფლებამოსილება სწორედ ამას ნიშნავს.

სახელმწიფოს სახელით როდესაც საუბრობს პრეზიდენტი, იმ თემაზე, რაზეც საუბრობს, სჭირდება მთავრობის თანხმობა, მაგრამ ეს არ უკრძალავს პრეზიდენტს ჰქონდეს თავისი პირადი თუნდაც განსხვავებული აზრი მთავრობის ან პარლამენტის პოზიციისგან. ამდენად, აქ ვერ ვხედავ კონსტიტუციის დარღვევას, რადგან პრეზიდენტის ვიზიტების თაობაზე რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა, იქ არსად იყო ნათქვამი, რომ ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მან ასევე ელჩებისა და დიპლომატიურ წარმომადგენელთა დანიშვნის საკითხზე გააკეთა კომენტარი.

"მეორეა ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნის საკითხი. კონსტიტუცია ამბობს, რომ მთავრობის წარდგინებით პრეზიდენტი ნიშნავს ელჩებსა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს. თავის დროზე, როდესაც მზადდებოდა კონსტიტუციის ბოლო რედაქცია, მაშინ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში იყო კამათი ამ საკითხზე. "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდოდათ, რომ ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა ყოფილიყო მხოლოდ მთავრობის უფლებამოსილება, მაგრამ ამ პოზიციას კომისიაში ჰყავდა საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე. რამდენადაც მე მახსოვს, მათ შორის კომისიის წევრი კონსტიტუციონალისტებიდან თითქმის ყველა ამის წინააღმდეგი იყო და ჩაიწერა ისე, როგორც წერია დღეს. ეს არის არსებითად სწორი ჩანაწერი. აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ "ქართული ოცნების“ მიერ განცხადებაში ნათქვამს, რომ პრეზიდენტს ამ შემთხვევაში მხოლოდ ცერემონიული უფლებამოსილება აქვს. ეს ასე ნამდვილად არ არის. ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლები ასრულებენ მნიშვნელოვან და უაღრესად საპასუხისმგებლო უფლებამოსილებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თანამდებობებზე დანიშნული პირები აკმაყოფილებდნენ მთელ რიგ მოთხოვნებს. ასეთ დროს ორმაგი კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ სწორედაც მთავრობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ პრეზიდენტი. თუ პრეზიდენტი და მთავრობა ვერ თანხმდებიან ვიღაცის დანიშვნაზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს არგუმენტი, რის გამოც ისინი ვერ შეთანხმდნენ. მაშინ სჯობს, რომ ასეთი პირი არ დაინიშნოს და დაინიშნოს ისეთი, რომლის მიმართაც პრეტენზიები არ იქნება. ამიტომ, ამ შემთხვევაში მგონია სრულად აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ ასე უნდა გადაწყვიტოს და არ უნდა თქვას, რომ პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქციას. პრეზიდენტი არ არის ნოტარიუსი, ის არის სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი. მას რეალური ძალაუფლება არ გააჩნია, მაგრამ რა უფლებებიც მას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული, ეს უფლებები არავითარ შემთხვევაში არ არის ცერემონიული“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

იხილეთ ასევე: