შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმერეთის რეგიონში იმყოფება, სადაც რიკოთზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების - მურმან ლეჟავას, კახა ბაღდავაძის და მიხეილ მაჩიტიძის ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა.
ქუთაისში, სამტრედიასა და თერჯოლაში ვახტანგ გომელაური გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან, ასევე იმერეთის რეგიონში მხარის გუბერნატორთან ერთად მივიდა.
ცნობისთვის, რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა 12 მარტს მოხდა. სამართალდამცავების ავტომანქანისა და FORD TRANSIT-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.