ავტორი:

"შეკვეთილი მკვლელობა არ იყო... ეს აბსურდია"- რა თქვა სასამართლო სხდომაზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ

"შეკვეთილი მკვლელობა არ იყო... ეს აბსურდია"- რა თქვა სასამართლო სხდომაზე 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკო ჭელიძის განცხადებით, მკვლელობა შეკვეთილი არ ყოფილა.

ჭელიძემ სასამართლო პროცესზე, როგორც დაცვის მხარის მოწმემ მისცა ჩვენება. მან სახელმწიფო ბრალდების მიერ დასმულ არც ერთ კითხვას არ უპასუხა და ისაუბრა მხოლოდ იმაზე, რაც თავად სურდა.

"შეკვეთილ მკვლელობაზე საუბარი იყო, ეს ასე არ იყო და ეს აბსურდია. ვაღიარე ბრალი და არ მიცდია სასამართლოსთვის თვალებში ნაცრის შეყრა, არანაირი თანამზრახველი ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულში არ მყოლია. სასამართლომ მოისმინა მეორე ბრალდებულისგან რაც მოხდა, ამას ვადასტურებ",- განაცხადა ბრალდებულმა.

მან ასევე დააკონკრეტა, რომ იარაღის შესახებ, რომელიც მას მკვლელობის დღეს თან ჰქონდა, ინფორმირებული არ ყოფილა მასთან ერთად ბრალდებული გიორგი კავილაძე.

პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა ბრალდებულს ჰკითხა, თუ საიდან ჰქონდა მას იარაღი, რასთან დაკავშირებითაც, ბრალდებულმა განაცხადა, რომ "მას არ სურს პროკურორის შეკითხვებზე პასუხის გაცემა".

“განცხადება იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემი სათქმელი ამოვწურე, არ მსურს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი, რაზეც უკვე ისაუბრეს", - განაცხადა მკვლელობაში ბრალდებულმა ჭელიძემ.

აღნიშნული პასუხის მოსმენის შემდეგ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაცხადა, რომ იარაღთან დაკავშირებით მას ბრალდებულებისგან პასუხი არ მოუსმენია.

"აღნიშნულ საკითხზე პასუხი ჩემთვის განაჩენის გამოტანისას მნიშვნელოვანია",- განაცხადა მოსამართლე მგელიაშვილმა, თუმცა, ბრალდებულმა პოზიცია მაინც არ შეცვალა და აღნიშნულ კითხვას არ უპასუხა. ჭელიძემ რამდენჯერმე დააკონკრეტა, რომ ის პროკურატურის არცერთ კითხვას პასუხს არ გასცემდა.