თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს დედაქალაქის მეტროს ვაგონების შესყიდვის ტენდერში გამარჯვებული რუსული კომპანია იარაღის წარმოებითაა დაკავებული.
როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის გადაწყვეტილებამდე მერია აღნიშნულ კომპანიას თანხას არ გადაურიცხავს. ამასთან, კალაძე გამოეხმაურა, მისივე შეფასებით, ე.წ. პოლიტიკოსების განცხადებებს და აღნიშნა, რომ „მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე, რაღაც თემების გამოგონებაზე, სიყალბეზე - მერე გამოდიან, დასხდებიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან“.
"ამ დღეებში ჩვენ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ და მინდა განმარტებები გავაკეთო. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ არავის გავუტარებთ სიცრუეს და იმას, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. კონკრეტული ტყუილები ეხება მეტროს ტენდერთან დაკავშირებულ სიტუაციას. ძალიან ბევრი ტყუილი გავრცელდა ამასთან დაკავშირებით. მერიის ინიციატივით და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის თანადაფინანსებით თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვა განხორციელდა.
როდესაც ამგვარ პროექტს აფინანსებს რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, შესყიდვები ყოველთვის ხორციელდება ამ ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესყიდვების წესების შესაბამისად. ასე იყო მეტროს ვაგონების შესყიდვისას გამოცხადებული ტენდერის შემთხვევაშიც - თბილისის მერიამ სრულად იხელმძღვანელა EBRD-ის მიერ დამტკიცებული შესყიდვის პროცედურით და დაბალი ფასის პრინციპიდან გამომდინარე ტენდერი გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ. მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე საკითხს - ტენდერი გამოცხადებული იყო 2020 წლის თებერვალში. საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და რამდენიმე ეტაპია და ჩვენს მოგვიწია ამ ეტაპების გავლა.
2021 წლის ნოემბერში გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. ამ ყველაფერს პირდაპირ უკავშირებენ ომს და სანქციებს, მოვისმინეთ რამდენი სიბინძურე და არასწორი განცხადება ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან. ყველა კარგად ხედავს ამ ქვეყანაში, რომ სამწუხაროდ, მათი დღის წესრიგი დაფუძნებულია სიცრუეზე, რაღაც თემების გამოგონებაზე, სიყალბეზე და მერე გამოდიან, დასხდებიან და საუბრობენ, რომ ნულები არიან. როცა ასეთი სიცრუეა მათი დღის წესრიგი, მერე არ უნდა გაგიკვირდეთ ჩემო კარგებო, რომ ნულები ხართ. თუ ასე გააგრძელებთ, კიდევ უფრო ქვემოთ ჩახვალთ და კიდევ უფრო გაფარჩაკდებით. შესაბამისად, გონს მოეგეთ და გააკეთეთ ისეთი განცხადებები, რომელიც არის რეალური და ნამდვილი“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, კომპანიას, რომელმაც თბილისის მეტროს ვაგონების ტენდერი მოიგო პროდუქცია მიწოდებული აქვს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასთვის, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტისთვის და ასევე სერბეთისთვის.
"ასევე ბრიფინგებს უძღვნიდნენ იმას, რომ თითქოს ეს კომპანია დაკავებული იყო იარაღის წარმოებით. არ ვიცი ამდენი ტყუილის მოგონება, ამ ფანტაზიებში გადავარდნა რას უკავშირდება. მაგათ ჰგონიათ, რომ პირში წყალს ჩავიგუბებთ და არაფერს ვიტყვით. საზოგადოებას სრულ ინფორმაციას მივაწოდებთ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ გამარჯვებულ კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს საბრძოლო იარაღის დამზადებაში. ამ ჰოლდინგში ბევრი კომპანიაა გაწევრიანებული და არათუ იმ კომპანიას, რომელმაც ჩვენ ტენდერში გაიმარჯვა, არამედ, არსებულ არსებულ ჰოლდინგში გაწევრიანებული არცერთ კომპანიას არ აქვს კავშირი იარაღის წარმოებასთან. ეს არის რეალობა“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერის განცხადებით, ვაგონების შესყიდვის პროცესი გაგრძელდება ამავე ტენდერის ფარგლებში, თუმცა, აღნიშნა, რომ მერია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის გადაწყვეტილებას ელოდება და ამ გადაწყვეტილებით იხელმძღვანელებს.
"ჯერჯერობით, დროებით თანხის გადარიცხვა შეჩერებულია იმიტომ, რომ არ ვიცით თუ რომელ კომპანიებს დაეკისრებათ სანქციები და ამის შემდეგ ბანკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ გადაწყვეტილებით ვიხელმძღვანელებთ. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ქალაქს აუცილებლად ეყოლება მეტროს ახალი ვაგონები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი გაგრძელდება. ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, - განაცხადა კალაძემ.