ავტორი:

"ბრალდებულებმა ურცხვად ისაუბრეს, თუმცა, რა სირცხვილის გრძნობა მოეთხოვებათ... მათ სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს" - ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი

"ბრალდებულებმა ურცხვად ისაუბრეს, თუმცა, რა სირცხვილის გრძნობა მოეთხოვებათ... მათ სასამართლოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს" - ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი

ერთი მხრივ, კავილაძემ და მეორე მხრივ, ჭელიძემ ისიც კი არ აკადრეს საზოგადოებას, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველაზე მწვავე კითხვებზე პასუხი გაეცათ,- ამის შესახებ მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა განაცხადა.

ის დღევანდელ სასამართლო პროცესს გამოეხმაურა, სადაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ ბრალდების მხარის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

"როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალდებულებმა სრულიად ურცხვად ისაუბრეს, თუმცა, რა სირცხვილის გრძნობა მოეთხოვებათ ადამიანებს, რომლებმაც ასეთი ამაზრზენი მკვლელობა ჩაიდინეს შუა ქალაქში. პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით, შეთხზეს ლეგენდა და სასამართლოს სრულიად ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობდა. ერთი მხრივ, კავილაძემ და მეორე მხრივ, ჭელიძემ ისიც კი არ აკადრეს საზოგადოებას, რომ არსებულ ყველაზე მწვავე კითხვებზე პასუხი გაეცათ. ეს ადამიანები იმსახურებენ ერთ რამეს, რომ ისინი მართლმსაჯულებამ სრულიად ადეკვატურად და მკაცრად დასაჯოს იმ დანაშაულისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს",- განაცხადა მეხრიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.

გამოძიების ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, ბრალდებულებმა კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვეს. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედება ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია