არავინ უჩივის სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციის დაცვა არის ყველას ვალი, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა აღნიშნულის თაობაზე განცხადება არავის გაუკეთებია.
"თქვენ, სად წაიკითხეთ, უბრალოდ, რომ აპირებს სასამართლოს მიმართოს? ეს განცხადება არავის გაუკეთებია.
თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოს უნდა მიმართოს. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი.
სხვა რაღაცაზე თქვენ სვამთ კითხვას და ამიტომ, გაერკვიეთ და შემდეგ დასვით შეკითხვა. გარკვეული რომ იყოთ, ამ შეკითხვას არ დასვამდით. არავინ უჩივის სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციის დაცვა არის ყველას ვალი. რა თქმა უნდა, ჩვენ, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ კონსტიტუცია დავიცვათ. თუ ჩვენ არ დავიცავთ კონსტიტუციას, რიგით მოქალაქეებს რა უნდა მოვთხოვოთ კანონის დაცვაზე? ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ ვართ ვალდებულები დავიცვათ კონსტიტუცია. თქვენ, როგორ მოგეწონებათ ახლა, რომ მე, ქალაქის მერი უხეშად ჩავერიო პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაში ან პირიქით. შესაბამისად, კონსტიტუციის დაცვა ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლაც და სამომავლოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის დაწყების თაობაზე განცხადება გუშინ, თავად "ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. როგორც მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში იყო ნათქვამი, პრეზიდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის არაერთგზის დარღვევას, რის გამოც "ქართული ოცნება“ იძულებული ხდება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
"გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს", - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.