ავტორი:

„ყველაზე ბედნიერი იმ გამარჯვებით შეიძლება იყო, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებთან შეჯიბრმა მოგიტანა“ -  კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ ჟიურის რჩეული ოლანი ბიწაძე

„ყველაზე ბედნიერი იმ გამარჯვებით შეიძლება იყო, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებთან შეჯიბრმა მოგიტანა“ -  კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ ჟიურის რჩეული ოლანი ბიწაძე

„მანიტუ“ - ეს წიგნია, რომელშიც სამი დროა: წარსული, აწმყო და სიზმარი. რეალობასა და აწმყო დროში კი ოლანი ბიძაწის „მანიტუ“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2022-ის“ გამარჯვებული და ჟიურის რჩეულია.

მანიტუ მფარველი სულია, საიდუმლო ჯადოსნური ძალა, რომლის არსებობისაც ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებს სჯერათ. თუმცა ოლანი ბიწაძის ნაწარმოების ერთ-ერთი გმირი ასევე თვლის, რომ მანიტუდ შეიძლება გარდაცვლილი, ჩვენთვის საყვარელი ადამიანებიც იქცნენ, ან უბრალოდ ისინი, ვინც ფიქრებით ყოველთვის ჩვენთან არიან. ეს წიგნი დაკარგული მანიტუს ძიებაზეა, რომლის გზაც სინამდვილის და გამონაგონის, ცხადის და სიზმრის საზღვარზე გადის.

„წიგნის მთავარი თემა ისაა, თუ რამხელა გავლენა აქვს ბავშვობაში მიღებულ ტრავმებსა თუ შთაბეჭდილებებს ადამიანის ცხოვრებაზე. რომ ეს გავლენა შეიძლება აისახოს ადამიანის გონების როგორც ცნობიერ, ისე არაცნობიერ ნაწილზე. ზუსტად აქედან გამომდინარე ეთმობა წიგნის დიდი ნაწილი პერსონაჟის სიზმრებს. ეს თემა ძალიან მაინტერესებდა და წიგნზე მუშაობამდეც და მუშაობის პროცესშიც ბევრს ვკითხულობდი ამასთან დაკავშირებით. თვითონ სიუჟეტი თავიდან მხოლოდ მონახაზად წარმოვიდგინე გონებაში და წერის პროცესში, ბუნებრივია, უამრავი რამ შეიცვალა. მათ შორის, სათაურის იდეაც და ამ იდეის წიგნში ჩართვა სწორედ მუშაობის პროცესში გაჩნდა. ერთ სახელმძღვანელოს ვკითხულობდი ამერიკის ინდიელთა კულტურაზე და იქ იყო ერთი აბზაცი მანიტუს შესახებ. მაშინვე ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა და მერე კიდევ რაღაცები რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ტექსტში ხომ არ გამომეყენებინა როგორმე. სიუჟეტს ისე მოუხდა, რომ საბოლოოდ, წიგნის სათაურადაც იქცა“ - ასე ახასიათებს საკუთარ წიგნს ჟიურის რჩეული ავტორი, რომელიც საკუთარ თავს უფრო დეტალურად თავად გაგვაცნობს.

მოგვიყევით ბავშვობაზე... რაზე ოცნებობდით? ბავშვობიდან გიყვარდათ წერა?

ვფიქრობ, საინტერესო და ბევრი რამით დასამახსოვრებელი ბავშვობა მქონდა. საინტერესოში არ ვგულისხმობ იმას, რომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ კარგი ხდებოდა. ძალიან ღრმა ბავშვობაც კი ცოცხალ კადრებად მახსოვს და ამ ეპიზოდებს ფიქრებით ხშირად ვუბრუნდები. მეტიც, ზოგჯერ მსგავსი მოგონებები მიჩენს შთაგონებას.

ბევრი ბავშვური ოცნება მქონდა ადრეულ წლებში და ყველაზე უცნაური ისაა, რომ ამ გულუბრყვილო ოცნებებიდან არცერთი ამხდენია. უბრალოდ დროთა განმავლობაში მიზნები ვარჩიე და ოცნებებისგან განსხვავებით, მიზნების მიღწევა შევძელი.

რაც შეეხება წერას, ეს ამბავიც სწორედ ჩემი ბავშვობიდან იწყება, იმ დღიდან, როცა სახლში გამოვაცხადე, რომ მწერალი ვარ. ალბათ 7-8 წლის ვიყავი და მართალია, მაშინ გაცილებით თავდაჯერებული ვიყავი საკუთარი მწერლობის შეფასებისას. ბუნებრივია, ის, რასაც ამ ასაკში ვწერდი, ბავშვური ,,ნაჯღაბნები“ იყო. მაგრამ ამის შემდეგ წერა ცხოვრების არცერთ ეტაპზე შემიწყვეტია და სხვადასხვა ფორმით ყოველთვის ვპოულობდი ფურცელთან მისვლის მიზეზს.

ბავშვობაში გინდოდათ, რომ პოპულარული ყოფილიყავით?

არ მახსოვს, რომ ეს სურვილად მქონოდა. თუმცა ყოველთვის, როცა რიგი მიზეზების გამო ყურადღების ცენტრში ყოფნა მიწევდა, თავს მთლად კომფორტულად ვერ ვგრძნობდი. დღემდე ასეა.

მოგვიყევით თქვენს პირველ ნაწერებზე... რას შეეხებოდა ისინი და რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო?

ზოგადად, წერის სურვილი, ვფიქრობ, კითხვის სიყვარულმა გამიჩინა. ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკამდე დედა მიკითხავდა ძალიან ბევრს და ყველა კლასიკური საბავშვო ნაწარმოები, შეიძლება ითქვას, სანამ ჩემით წავიკითხავდი, ასე მაქვს მოსმენილი. ამდენი თავგადასავლის შემყურეს მეც მომინდა რამე მსგავსის შექმნა, უფრო სწორად საკუთარი თავგადასვლის და ამიტომ ჩემი პირველი მოთხრობები ძირითადად ჩემი თავისთვის მოგონილ ისტორიებზეა: ტყეში დაკარგვაზე, ახალი სამყაროს აღმოჩენაზე, ჯადოსნურ გმირებთან შეხვედრაზე და ა.შ.

რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი“?

კონკურსის წლების განმავლობაში თვალს ვადევნებდი. წლევანდელ კონკურსზე სოციალური ქსელიდან შევიტყვე და მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებზე მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, მონაწილეობა გადავწყვიტე. ჩავთვალე, რომ ეს კარგი საშუალება იყო, რომელიც შეიძლებოდა გამომეყენებინა. მართალია, მანამდე ბევრ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საკონკურსოდ რომანი გავგზავნე, რომელიც მერე შეიძლებოდა წიგნად ქცეულიყო. ეს ერთი მხრივ, ამ ამბის სასურველი ფინალი იყო, მეორე მხრივ, სანერვიულოც. ახლაც ვღელავ და მაინტერესებს, მკითხველი როგორ მიიღებს ,,მანიტუს.“

გამარჯვებას ელოდით თუ მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის?

გარკვეული მოლოდინები მქონდა, თუმცა, წინასწარ ასეთ განწყობას არ ვიქმნი ხოლმე. სიმართლე გითხრათ, აქტიურად არც ვყოფილვარ ჩართული ხმების მოპოვება-დაგროვების პროცესში და ჩემი ნაწარმოები უფრო ჟიურის გადაწყვეტილებას მივანდე. როგორც აღმოჩნდა, სწორი გზა ავირჩიე. ეს ფაქტი ძალიან სასიამოვნოცაა და ძალიან საპასუხისმგებლოც. სასიამოვნო იმდენად, რამდენადაც ჩემმა ტექსტმა პროფესიონალი ლიტერატორებისა თუ მწერლების მოწონება დაიმსახურა და საპასუხისმგებლოც ზუსტად ამიტომ. მკითხველისთვის ეს შეიძლება გზავნილივით იყოს და ჩემს წიგნთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები გაუჩნდეთ. იმედი მაქვს, ,,მანიტუ“ ამ მოლოდინებს გაამართლებს.

კონკურსის გამარჯვებული ხართ. გარდა გამარჯვებისა, რა მოგცათ კონკურსმა? რა ისწავლეთ ამ პერიოდში?

კონკურსმა მომცა შანსი, რომელიც, ვფიქრობ, ყველა დამწყები მწერლის მწერლური ცხოვრებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს შანსი მკითხველის შეძენას გულისხმობს. ამასთან, უშუალოდ კონკურსის შედეგმა მომცა ცოტა მეტი რწმენა და იმის მტკიცებულება, რომ, ყველაზე ბედნიერი მხოლოდ იმ გამარჯვებით შეიძლება იყო, რომელიც საკუთარ თავთან, საკუთარ შესაძლებლობებთან შეჯიბრმა მოგიტანა და არა სხვა ადამიანებთან ბრძოლამ.

როგორია თქვენი ცხოვრება წერის მიღმა?

ზოგჯერ მგონია, რომ ჩემი ცხოვრება წერის მიღმა არ არსებობს და თუ რამეს არ ვწერ, სხვების ნაწერებს ვკითხულობ. წერა და კითხვა ჩემი პროფესიული საქმიანობაცაა და ჰობიც. თუმცა ამის გარდა, მიყვარს ფილმების ყურება და დაახლოებით იმ სიხშირით ვუყურებ ფილმებს, რა სიხშირითაც ვკითხულობ ან ვწერ.

თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ და, ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობა ისეთივე მრავალხმრივი და საინტერესო გამოცდილებაა ჩემთვის, როგორც წიგნების კითხვა ან ფილმების ყურება.

ვინ არის თქვენი საყვარელი ავტორი და წერის დროს მისი გავლენის ქვეშ ხომ არ ექცევით ხოლმე?

ერთი საყვარელი ავტორის დასახელება რთულია. ბევრი საყვარელი ავტორი მყავს და თუ ყველა მათგანის გავლენის ქვეშ მოვექცევი წერის დროს, რაღაც ან ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს, ან ძალიან ცუდი. დაე, მკითხველმა შეაფასოს. ყველა ავტორისგან, რომლის შემოქმედებაც ოდესმე წამიკითხავს, მისწავლია რაღაც. თუნდაც ის, როგორი არ მინდა, რომ თავად ვიყო.