24 თებერვლიდან მთელი მსოფლიოს ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომისკენ არის მიმართული და ჯერ კიდევ გაურკვეველია უკრაინის ბედი. AMBEBI.GE უკრაინაში მცხოვრებ ქართველ სამხედრო პირს არჩილ ცინცაძეს და მის მეუღლეს, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, "ვერხოვნა რადას" დეპუტატს უკრაინის ყოფილ ვიცე-პრემიერს ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძეს ესაუბრა:
- ბატონო არჩილ, სამხედრო პირი ბრძანდებით... როგორია თქვენი მოლოდინი?
- დიახ... საქართველოს თავდაცვის ატაშე გახლდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბატალიონის მეთაური...სამწუხაროდ ეს ყველაფერი გარკვეული პერიოდი გაგრძელდება, რადგან მოგეხსენებათ, კრემლში გიჟი ზის, რომელიც გონზე აღარ არის და რაღაც სისულელეებს სჩადის, რომელსაც საზღვარი არ უჩანს! სანამ ეს კაცი იქ იქნება და თავისიანები ბოლოს არ მოუღებენ, თავის უაზრო ქმედებებს არ შეწყვეტს... მას უკრაინაზე რა პოლიტიკური ჩანაფიქრიც ჰქონდა, არ გამოუვიდა და ახლა ეცდება ძალები მოიზიდოს, დიდი დანაკარგი რომ ჰქონდათ, შეავსოს და გააგრძელოს შეტევების განხორციელება.
თუ გონზე არ მოვიდა, ეს შეტევები დიდი ხანი გაგრძელდება, გადავა საერთო საჯარისო ოპერაციაში, რომელსაც ქალაქების დანგრევა, მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა მოჰყვება. კაცმა არ იცის კიდევ რა პროვოკაციებზე, შანტაჟზე წავა... შეიძლება შანტაჟი დაიწყოს ქიმიური იარაღით, ბირთვული იარაღით, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია!
რეალურად უკრაინაში თითო-ოროლა ვიყავით, ვინც აქაურებს ვაფრთხილებდით, რომ რუსებისგან განსაკუთრებით პუტინისგან, ყველაფერი მოსალოდნელი იყო. არ გვიჯერებდნენ, ამბობდნენ მოძმე ერია, რუსები მაგას არ იზამენ, ვერ გაბედავენო... ბოლო დღემდე ასე ეგონათ, მაგრამ ვნახეთ რომ გაბედეს. ბოლოს უკვე თარიღიც ვიცოდით, როდის დაიწყებოდა...
- დღეს მამაცი უკრაინელი ხალხით ყველა გაოცებულია...
- მე არ ვარ გაკვირვებული, რადგან ამ ხალხს დიდი ხანია ვიცნობ. რამდენიმე წელი საელჩოში ვიმუშავე, 2007 წლიდან მოყოლებული აქ გახლავართ. ამ ხალხს ფსიქოლოგიურად და მენტალურად ძალიან კარგად ვიცნობ... რაღაც ეტაპზე უკრაინელებს რუსებთან ლოიალური ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ რუსების ქმედებების გამო ეს ლოიალობა დაიკარგა. უკრაინელები უფრო პროევროპული, პროდასავლური გახდნენ, უფრო პროგრესულები არიან და მგონია, რომ ეს ვერ აპატია პუტინმა უკრაინას, რომ მათ დასავლეთი რომ არჩიეს...
ამ კაცს ჰალუცინაციები აქვს, შიზოფრენიკი გახდა... გეტყვით რომ მისი ქმედებები არანაირ ნორმალურის გონებაში არ ეტევა. რასაც იგი აკეთებს და ახორციელებს, შემდეგ და შემდეგ ყოველი ნაბიჯით, უფრო ღრმად ამტკიცებს ამ ეჭვს...
- ვინმეს წარმოედგინა, რომ ომი ამდენ ხანს გაგრძელდებოდა?
- რუსეთს ვერ წარმოედგინა... მათ ეგონათ -5-6 დღეში დაამთავრებდნენ... 24 თებერვალს დაიწყეს და გრძელდება, უზარმაზარი მსხვერპლი აქვთ, ათი ათასი რუსი ჯარისკაცია დაღუპული... ის ვინც დამპყრობელია, უნდა ესმოდეს, რომ ერი თუ გაერთიანდა, მას ომს ვერ მოუგებ! უკრაინა დიდი ერია, გაერთიანების იდეოლოგია გააჩნიათ, ბევრად უკეთესად არიან მომზადებულები... ეს არ ყოფილა შიდა პოლიტიკური გადატრიალების მცდელობა, ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა, შეჭრა იყო სხვის ქვეყანაში და უკრაინელების იდეოლოგიაა სიმართლე, არა იმათი ვინც ოკუპანტები არიან! ვერ მოიგებენ ამ ომს ვერანაირად, ყველა გოჯი მიწის საფლავად ექნებათ გახდილი! მე ვხედავ როგორ მობილიზებული არიან, როგორ წინააღმდეგობას უწევენ!
ივანა კლიმპუში-ცინცაძე:
- რა გაძლევთ დღეს ამ ძალას, მთელი ქვეყანა იყოთ ასე მედგრად, შეუპოვრად...
- უკრაინელმა ხალხმა 2014 წელს ნათლად აირჩია თავიანთი ევროპული მომავალი. მაშინ უკვე გავიაზრეთ, რომ ომში ვიყავით რუსეთთან, უბრალოდ ახლა სხვა მასშტაბებია... ასე რომ უკრაინელმა ხალხმა მას შემდეგ აღიდგინა ღირსება, იწამა რომ შეუძლია ისე განვითარდეს, როგორც თავად გადაწყვეტს. სწორედ ესაა, რამაც დღეს ასე გაგვამთლიანა. სწორედ ამიტომ უდგებიან უკრაინელები ტანკებს წინ შიშველი ხელებით, ამიტომ ვეომებით რუსეთის ოკუპანტ ტერორისტულ არმიას.
- თქვენ ხომ გჯერათ, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს?
- არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, უკრაინა წააგებს თუ მოიგებს... ერთადერთი კითხვაა, რამდენი დანაკარგი გვექნება... გამარჯვება არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს სიმამაცეზე, ასევე დამოკიდებულია მთელ მსოფლიოზე, რამდენად სწრაფად და ეფექტურად დაგვეხმარებიან. რამდენად მოგვამარაგებენ საჭირო ნივთებით, როგორიცაა - იარაღი, ტანკები, თვითმფრინავები, აუცილებელი ნივთები ჯარისკაცებისთვის, როგორიცაა მაგალითად ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და ასე შემდეგ... მადლობელი ვართ რაც მივიღეთ, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი. საერთო ჯამში ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად და ეფექტურად მოამარაგებს მსოფლიო უკრაინას და რამდენად მკაცრ სანქციებს დააწესებენ რუსეთის წინააღმდეგ. ასევე იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებიც თავისუფლებისკენ და ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან. მთავარია მათი ხედვაც ასეთივე იყოს.
- უკრაინა ნატოს სთხოვს ცის ჩაკეტვას, მაგრამ ჯერჯერობით უარს იღებს...
- ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჯერჯერობით შეუძლებელი გახდა, რადგან, სავარაუდოდ, ეგ ნიშნავს ომს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ... ჯერ კიდევ არ არის გააზრებული, რომ ეს ომი არ არის ექსკლუზიურად უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ომი სრულიად თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგაა.
- რას იტყოდით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ?
- ახლა ის იქცევა როგორც უკრაინელი ერის ჭეშმარიტი ლიდერი, ის ძლიერი ფიგურაა. თუმცა როდესაც ომი დამთავრდება, ვფიქრობ, მასთან მაინც გაჩნდება შეკითხვები მისი პრეზიდენტობის პირველი სამი წლის თაობაზე... მაგრამ ამ ეტაპზე ყველა ერთად ვმუშაობთ, ვდგავართ პრეზიდენტთან ერთად ქვეყნის დასაცავად.
- საქართველოზე რას იტყოდით?
- საქართველო ჩემი სულის და გულის ნაწილია! ჩემი შვილები ნახევრად ქართველები არიან. ჩემს ქმარს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს ამდენი წლის მანძილზე, რაც უკრაინაში ვცხოვრობთ. რეალურად, ჩემი დიდი ოჯახი საქართველოშია. ჩემი ნათესავებიც და მეგობრებიც ბევრი საქართველოში არიან... უკრაინაში განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ქართველებისადმი და ვაფასებთ, რასაც აკეთებენ ჩვენთვის სხვადასხვა ინტერნაციონალურ ორგანიზაციებში. ყველა მხარდაჭერა გვახსოვს და ხალხის მადლიერი ვართ.
- საქართველოს მთავრობაზე რას იტყოდით?
- დღეს მსოფლიო რუსეთს ქმედებების გამო შავ-თეთრ ფერებში გამოიხატა. ქვეყანა რომელსაც ევროპულ ოჯახში ყოფნაზე და დასავლურ ფასეულობებზე აქვს პრეტენზია, უფრო მკვეთრად უნდა გამოხატავდეს თავის პოზიციას. საქართველო არ არის იმ ქვეყნების რიცხვში, ვისაც არ შეეხება უკრაინაში მოვლენების განვითარება.