მარიუპოლის ცენტრში რუსმა ოკუპანტებმა ბომბი ჩამოაგდეს და გაანადგურეს დრამატული თეატრის შენობა. ამის შესახებ ქალაქის საბჭო იუწყება.
"დღეს რუსულმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი, რომელიც უშუალოდ ქალაქის ცენტრში მდებარეობს. თვითმფრინავმა დაბომბა შენობა, სადაც ასობით მშვიდობიანი ადამიანი აფარებდა თავს. ამ საშინელი და არაადამიანური საქციელის შეფასება ჯერ შეუძლებელია, რადგან ქალაქში საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასში აღნიშნულია, რომ დაბომბვის შედეგად, დაინგრა დრამატული თეატრის ცენტრალური ნაწილი, ხოლო ნანგრევებით დაიფარა შენობაში არსებული ბომბსაფარის შესასვლელი. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„მტრის სამიზნეთა შორის რჩებიან ქალები, ბავშვები და მოხუცები, რომლებიც არიან სრულიად უიარაღო ადამიანები. როგორც ჩანს, რუსეთის არმიის ერთადერთი მიზანია უკრაინელი ხალხის გენოციდი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.