ავტორი:

დაბინძურებული ნიადაგი, ჰაერი წყალი... ბირთვული საფრთხე - ომის გავლენა გარემოსა და კლიმატზე

დაბინძურებული ნიადაგი, ჰაერი წყალი... ბირთვული საფრთხე - ომის გავლენა გარემოსა და კლიმატზე

"ნება მომეცით, ბოდიში მოვიხადო ყველა რუსის სახელით, ვინც ვერ შეძლო ამ კონფლიქტის თავიდან აცილება", - ეს სიტყვები გაეროს კლიმატის წლევანდელ კონფერენციაზე რუსეთის წარმომადგენელმა, ოლეგ ანისიმოვმა წარმოთქვა.

სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემა იუწყება, რომ გაეროს კლიმატის კონფერენციაზე უკრაინელი დელეგატის გამოსვლის შემდეგ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ომის გაჩაღების გამო ბოდიში მოიხადა. როგორც მედია წერს, ანისიმოვს ამ საკითხზე კომენტარიც სთხოვეს, რაზეც უპასუხა, რომ ეს მისი პირადი აზრია და რუსეთის დელეგაციის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს.

გაეროს კლიმატის კონფერენციაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ბოდიში, სავარაუდოდ, მხოლოდ მისი მოქალაქეობრივი პოზიციით იყო გამოწვეული, თუმცა პროფესიული თვალსაზრისით თუ ჩავუღრმავდებით, ოლეგ ანისიმოვის მიერ კლიმატის კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, ამ შეხვედრაზე თემატურადაც სრულიად ადეკვატური და გამართლებული იქნებოდა, რადგან რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა და საომარი მოქმედებები დიდ გავლენას იქონიებს კლიმატზეც.

ომი სამყაროში ყველაზე დიდი ბოროტებაა, რომელიც, სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიომ 21-ე საუკუნეშიც კი ვერ აიცილა თავიდან. ადამიანების სიკვდილი, დასახიჩრება, ბავშვების დაობლება, ინფრასტრუქტურის, ფლორისა და ფაუნის განადგურება, სიღარიბე, ეკონომიკური კრიზისი... გრძელი და შემზარავია ჩამონათვალი, იმ უბედურებებისა, რა კვალსაც შეიარაღებული კონფლიქტები ქვეყნებსა და ადამიანებზე ტოვებს. ომისგან გამოწვეული პრობლემები ზოგჯერ მარტივად ხილული, ზოგჯერ კი დროთა განმავლობაში შესამჩნევია.

გარემოსთვის მიყენებული ზიანი, ჰაერის, მდინარეების, ტყეების დაბინძურება, ხანძრები და შედეგად გამოწვეული კლიმატური ცვლილებები, ნაწილია იმ მასშტაბური პრობლემებისა, რასაც, სხვა მრავალ უბედურებასთან ერთად, ომი იწვევს.

რა კავშირშია ომი კლიმატის ცვლილებებთან? ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იმ რამდენიმე ფაქტორს, რაც სამხედრო კონფლიქტების შემადგენელი ნაწილია და ახლო, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში გარემოს დაბინძურებასა და კლიმატის ცვლილებებზე აისახება.

  • ავიაცია, ბომბდამშენები, სარაკეტო თავდასხმები

სამგზავრო თვითმფრინავები სათბურის აირების გაფრქვევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომწვევი მიზეზია. სპეციალისტები ამბობენ, რომ გარემოს სამგზავრო თვითმფრინავებთან შედარებით, სამხედრო საფრენი საშუალებები და ბომბდამშენები, კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებენ. ისინი უფრო მძიმეა, სჭირდებათ უფრო მეტი საწვავის მოხმარება, დაფრინავენ უფრო დაბლა, რაც კომპლექსურად მეტ საფრთხეს უქმნის კლიმატს.

  • ტანკები, ჯავშანმანქანები, მძიმე ტექნიკა

როდესაც გარემოსთან მიმართებაში, მძიმე ტექნიკის მიერ მიყენებულ ზიანზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია სამხედრო, სახმელეთო ტრანსპორტის კონცენტრირებით გამოწვეული პრობლემებიც. ეკოლოგები გამოთქვამენ გონივრულ ვარაუდს, რომ რუსული ტანკები რუსული უხარისხო დიზელით მარაგდება, მათი საწვავი ვერ იქნება ევროპული სტანდარტის შესაბამისი, ბუნებრივია, ტანკები და ჯავშანმანქანები კატალიზატორებითაც არ გადაადგილდებიან. აქვთ მძიმე, მავნე გამონაბოლქვი, რაც აისახება ჰაერის დაბინძურებაზე და სამომავლო პერსპექტივაში, კლიმატის ცვლილებაზე.

  • ტყისა და ინფრასტრუქტურის ხანძრები, სხვადასხვა სახის გამონაბოლქვი

ხანძრები ომის თანმდევი ტრაგედიებიდან ერთ-ერთია. საომარი მოქმედებებისას, დაბომბვისას ცეცხლი სხვადასხვა ობიექტს, ასევე ტყის საფარს უჩნდება, რაც ტოქსიკური ნივთიერებების გაფრქვევის დიდი წყაროა. შენობების დაწვისას გამოყოფილი კვამლი მავნე ზეგავლენას ახდენს ჰაერზე, რაც შეეხება ტყის ხანძრებს, აქ გარემოსთვის მიყენებული ზიანი მრავალმხრივია. ხანძრისგან გამოწვეული მავნე ნივთიერებების გაფრქვევის გარდა, განადგურებული ტყის საფარი ვეღარ იქნება ჟანგბადის წყარო, ის კარგავს მის ძირითად ფუნქციას და ვერ შეუწყობს ხელს ჰაერის გაწმენდას. ამასთანავე, ტყის საფარის განადგურების პარალელურად, ნადგურდება ფაუნა, რომელიც ამავე ტყის ბიომრავალფეროვნების ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ ხერსონის მახლობლად, დნეპრზე ხიდის ასაღებად ბრძოლამ შავი ზღვის ბიოსფერულ ნაკრძალში ხანძარი გამოიწვია. ხანძარი შესამჩნევი იყო კოსმოსიდან და შესაძლოა, გაანადგურა ხეები და ფრინველების უნიკალური ჰაბიტატი უკრაინის უდიდეს ნაკრძალში.

უდიდესი გამოწვევაა ხანძარი სამრეწველო ობიექტებში, რა დროსაც ჰაერში მავნე ნივთიერებების ფართო სპექტრი გამოიფრქვევა - მძიმე ლითონების, ბეტონის, სადენების, მილსადენების, კანცეროგენების, აზბესტის ჩათვლით. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი ფილტვის დაავადებისა და კიბოს გამომწვები მიზეზიც შეიძლება იყოს. ამასთანავე, აღმოსავლეთ უკრაინა სავსეა სამრეწველო ობიექტებით, მეტალურგიული და ქიმიური ქარხნებით, ელექტროსადგურებითა და დანგრეული მაღაროებით. Amnesty International-ის კრიზისისა და გარემოს ხელმძღვანელი რიჩარდ პირჰაუსი ამბობს, რომ ამ ადგილების ირგვლივ ბრძოლა რისკის შემცველია ექსტრემალური ტოქსიკური დაბინძურების წარმოქმნის, ჯანმრთელობის მძიმე ზემოქმედების კუთხით.

აქვე ადამიანის ჯანმრთელობაზეც რომ ვისაუბროთ, სინთეზური მასალების, ქიმიკატების და მძიმე ლითონების რთული ნარევების გამოფრქვევისას, ქარის დროს, უკიდურესად მცირე ნაწილაკებმა შეიძლება გაიარონ ასობით ან ათასობით კილომეტრი, რამაც შესაძლოა დიდი საფრთხე შეუქმნას რესპირატორულ ჯანმრთელობას ფილტვებსა და სისხლძარღვებში ღრმად გადაადგილების უნარის გამო.

სპეციალისტები უკრაინაში ასთმის გამწვავების, პნევმონიისა და მწვავე ბრონქიტების მატებას ელიან, რადგან ჰაერის დაბინძურება ინფექციური რესპირატორული დაავადებების რისკს ზრდის. ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტებისა და საომარი მოქმედებების გარემოზე გავლენას სწავლობს, ვარაუდობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც უფრო მეტად ექვემდებარება ადამიანი ჰაერის დაბინძურებას, მით უფრო მოკლეა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა.

  • ატომურ სადგურებზე თავდასხმით გამოწვეული საფრთხეები
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის განმავლობაში, ბრძოლების დიდი ნაწილი კიევში, ხარკოვსა და მარიუპოლში მიმდინარებს, სადაც სამრეწველო ობიექტები, სამხედრო დანადგარები და რადიოაქტიური ნარჩენების საცავი რუსული თვითმფრინავებისა და არტილერიის ცეცხლის ქვეშაა. ამ დროის მონაცემებით, აგრესორი ქვეყნის სამიზნე ორი ატომური ელექტროსადგური გახდა. რუსმა სამხედროებმა თავდაპირველად ჩერნობილის, შემდეგ კი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამოიღეს მიზანში. უკრაინის ბირთვული რეგულირების ინსპექცია იუწყებოდა, რომ ჩერნობილის დახურულ ზონაში რადიაციის საკონტროლო დონის მომატება შეინიშნებოდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კი რადიაციის დონის ცვლილება არ დაფიქსირდა, თუმცა ობიექტს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი, ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა შესაძლოა კატასტროფული მოვლენა იყოს, რაც დააზიანებს არა მარტო ევროპას, არამედ სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთის ფედერაციასა და პრაქტიკულად, ყველა მის მეზობელ ქვეყანას. მისივე თქმით, რისკი ძალიან დიდია და ადგილზე არაკვალიფიციური ადამიანების ყოფნა საფრთხის შემცველია. ამასთანავე, ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღნიშნავს, რომ ატომური ელექტროსადგურის ჰერმეტულობის დარღვევისა და ზაპოროჟიეს ექვსივე ბლოკის ერთდროულად აფეთქების შემთხვევაში, ევროპაში ყველაფერი დამთავრდება.

  • ნარჩენები, მტკნარი წყლებისა და მდინარეების დაბინძურება

სარაკეტო თავდასხმებს, ნგრევას, ხანძრებს ნარჩენების დაგროვება მოჰყვება. თავდასხმები აბინძურებს ნიადაგს, ჰაერსა და წყალს. ამას ისიც ემატება, რომ საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფორსმაჟორში შესაბამისი სტრუქტურები მოშლილია, დასუფთავების სამსახური ვერ მუშაობს. ქუჩების, ქალაქების, ტყეების დაბინძურების გარდა, ნარჩენებით ივსება მდინარეებიც. ზოგჯერ ეს თავდაცვითი საჭიროებით გამოწვეული ქმედებებითაც ხდება, როდესაც ქვეყანა აგრესორი დამპყრობელისგან თავდასაცავად ხიდებს აფეთქებს, ნარჩენები კი მდინარეში იყრება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის შეჭრამდე, აღმოსავლეთ უკრაინაში წყლის ობიექტები დაზიანდა, რის გამოც 90 000-მდე ადამიანი წყლის გარეშე დარჩა. ეს რვა წელია დონბასის რეგიონში მუდმივი პრობლემაა.

მრავალწლიანმა ომმა უკვე გაანადგურა რეგიონის წყლის ინფრასტრუქტურა და დაბინძურდა ადგილობრივი მდინარეები. UNICEF-ის, გაეროს ბავშვთა კეთილდღეობის სააგენტოს თანახმად, წყლის მიწოდება ბრძოლის განმავლობაში მრავალ წერტილში შეწყდა, რაც ყოველდღიურ გამოწვევად აქცევს საკვების მომზადებას, წყლის დალევასა და ხელის დაბანას. ორგანიზაციამ 2016 წლიდან რეგიონში წყლის ინფრასტრუქტურის სამხედრო დაზიანების 450-ზე მეტი შემთხვევა აღნუსხა, გასულ კვირებში კი, ათეულობით ქალაქმა დაკარგა წყალზე წვდომა მას შემდეგ, რაც მილსადენი დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

ამასთანავე, ათობით მაღარო, რომელიც რადიოაქტიურ მასალას და მძიმე ლითონებს - ვერცხლისწყალს, ტყვიას და დარიშხანს შეიცავდა და ბუნებრივად ივსება წყლით, ამოტუმბვას საჭიროებს, რაც დატბორვისა და მიწისქვეშა წყლების პოტენციურად დაბინძურების წყარო ხდება.

  • მიგრანტთა გადაადგილება

ომით გამოწვეული ტრაგედიათაგან ერთ-ერთი მიგრანტთა გადაადგილებას უკავშირდება. ასობით ათასი, მილიონობით ადამიანი იძულებულია დამპყრობელი ქვეყნის აგრესიისგან დასაცავად და გადასარჩენად საცხოვრებელი ადგილი დატოვოს. დიდი ნაკადისა და მზარდი გადაადგილების ფონზე, ქალაქებში იქმნება მრავალკილომეტრიანი, გრძელი საცობები, რაც თავის წილ გამონაბოლქვს მატებს საომარი მდგომარეობისას ისედაც დაბინძურებულ ჰაერს.

  • პროგნოზი კლიმატის ცვლილებისა და ზიანის შემცირების თვალსაზრისით

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ნავთობსა და გაზზე ფასების გლობალურად ზრდა კომპლექსურ გავლენას მოახდენს ემისიებზე. ერთი მხრივ, მაღალმა ფასებმა შეიძლება შეამციროს მოხმარება, მაგრამ, მოსალოდნელია, რომ წახალისდება უფრო მეტი ძიება. ექსპერტები გამოსავალს ევროპაში ენერგომომარაგების შეცვლაში ხედავენ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ერთ-ერთი შესაძლებლობა მეტი განახლებადი წყაროები შეიძლება იყოს.

იმ ფონზე, როცა ომები და შეიარაღებული კონფლიქტები ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, კიდევ უფრო მეტს ასახიჩრებს, ასიათასობით პირს ლტოლვილად აქცევს და ყველაფერს - წარსულსაც და მომავალსაც უკარგავს, ადამიანური ტრაგედიების ფონზე გარემოზე მიყენებული ზიანი შესაძლოა ნაკლებად აქტუალური ჩანდეს, თუმცა თუ გავიაზრებთ, როგორც ახლო, ისე სამომავლო პერსპექტივაში რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს ჩვენს ცხოვრებაზე, მსოფლიოს მომავალზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, ომის სისასტიკეში, აგრესორის პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობასა და მშვიდობის უალტერნატოვობაში.

გამოყენებული რესურსები:

  • Reuters; Associated Press; CNN, BBC, wired, grist, medusa, france24, ekhokavkaza, ceobs, dailydot, myindiafirst, youtube, daylistar, interpressnews.

ავტორი: ანა მარშანია